„ტურსიტულ სექტორში დასაქმებულთა მასობრივი ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბიზნესი გაიხსნას. ობიექტების გახსნისთვის საჭიროა, რომ ტურისტების საკმარისი რაოდენობა გვყავდეს,“ - ამის შესახებ „ინ გრუპის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "საქმე“ განაცხადა.
„ზაფხულის სეზონი კარს მოგვადგა და უკვე დაწყებული უნდა იყოს ტურისტული ნაკადის შემოდინება, თუმცა, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ იმაზე ვმუშაობთ, რითი მოვხიბლოთ უცხოელი დამსვენებლები. ჩვენ არ შეგვიძლია საქართველო დავარეკლამოთ როგორც მწვანე ზონა, რადგან ეპიდვითარება არ არის სახარბიელო. ალტერნატივად არის შემოთავაზებული ახლა, რომ შეიქმნას ქვეყანაში ე.წ. მწვანე ობიექტები, სადაც ნაკლები შიში ექნებათ ტურისტებს. „მწვანე ობიექტის“ სტატუსის მისაღებად კი საჭიროა, რომ დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალის ნაწილი, დაახლოებით, 60% იყოს აცრილი და ასევე სავალდებულო იქნება ყველა რეკომენდაციის დაცვაც,“-აღნიშნა კოკაიამ.
მისივე თქმით, „ინ გრუპს“ აქვს 4 სასტუმრო საქართველოში, აქედან, 2 თბილისში და 1-1- გუდაურსა და ბაკურიანში.
„თბილისში ვინც რჩება სასტუმროებში არიან ძირითადად, უცხოელები, რომლებიც საჰაერო გზით შემოდიან, რადგან სახმელეთო მიმოსვლა არაა დაშვებული. მოთხოვნა რა თქმა უნდა, უფრო ცენტრში (აღმაშენებლის გამზირზე) მდებარე სასტუმროზეა. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ფასებიც და კონკურენციაც ამ პერიოდში არის დავარდნილი, რადგან სასტუმროების უმეტესობა არ არის გახსნილი.
ჩვენ შემთხვევაში თბილისში, ცენტრში მდებარე სასტუმროს მაგალითზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასტუმროს დატვირთულობა 60%-80%ის ფარგლებშია. აბსოლუტური უმრავლესობა არის ინდივიდუალური ტურისტები, მაშინ როცა აქამდე ტურისტული კომპანიებით, ჯგუფურად ჩამომსვლელი დამსვენებლები სჭარბობდნენ. რაც შეეხება ქვეყნებს, ტურისტები გვყავს ძირითადად, უკრაინიდან, ასევე რუსეთიდან, ისრაელიდან და დუბაიდან. შიგადაშიგ არიან ასევე ევროპიდან, ბალტიის ქვეყნებიდან ჩამოსული დამსვენებლებიც,“-განაცხადა კოკაიამ.