მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე ჯერჯერობით კვირაში 10-10 რეისი იქნება

რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვამდე, მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე კვირაში 10-10 რეისი იქნება.

აღნიშნულ შეთანხმებას დღეს "ჯორჯიან ეარვეისის" წარმომადგენლებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრაზე მიაღწიეს, რომელიც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. კომპანიის გაფიცულმა თანამშრომლებმა, რომლებიც მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირის 14 ოდენობით განსაზღვრას აპროტესტებდნენ, დღეს 8-პუნქტიანი მოთხოვნები წარმოადგინეს, რომელთა შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებაც შედიოდა.

"პირობები, რაც "აირზენამ" დააყენა, შემიძლია გითხრათ, რომ ფაქტობრივად, უკან წაიღეს, გარდა ერთი მოთხოვნისა, რომელიც მე დავაკმაყოფილე და ფრენების სიხშირე იქნება 10-10-ზე, სანამ არ ჩატარდება მოლაპარაკებები რუსეთის მხარესთან. როცა ჩატარდება მოლაპარაკებები, მაშინ იქნება ნათელი, რას მივაღწევთ მოლაპარაკების გზით. მგონია, რომ მივაღწევთ ისეთ შედეგს, რომელიც არ დააზიანებს არც ქართულ მხარეს, არც რუსულ მხარეს და არც მგზავრებს", - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ჯალაღონიამ.

"აირზენას" დირექტორი იასე ზაუტაშვილი კი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები მოსკოვის ნაცვლად, თბილისში უნდა გაიმართოს. ”რუსეთის მხარემ უნდა იკადროს და ჩამობრძანდეს საქართველოში, ეს არის ჩვენი მოთხოვნა. აქ გაიმართოს მოლაპარაკებები, იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემა და მოთხოვნა წამოსულია რუსული მხრიდან თავის დროზე. შესაბამისად, ფრენები არ აღდგება მანამდე, სანამ ეს მოლაპარაკებები არ დასრულდება საქართველოს მხარისთვის მისაღები შედეგით", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

"ჯორჯიან ეარვეისი" რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული რეისების საკითხის ეროვნული ავიაგადამზიდავის ინტერესის გათვალისწინებით გადაწყვეტას ითხოვს, რაც კომპანიის დირექტორის იასე ზაუტაშვილის მტკიცებით, სახელმწიფო ინტერესებთან თანხვედრაშია. კერძოდ, ზაუტაშვილის თქმით, ის მომხრეა ორ ქვეყანას შორის რეგულარული ფრენების აღდგენის, მხოლოდ იმ პირობებით, რაც მოქმედებდა ფრენების შეწყვეტამდე და რომელიც გულისხმობს 10-10-ზე ფრენების სიხშირეს ორივე ქვეყნიდან.