,,წიწიბურას მარაგები გვაქვს, თუმცა პანიკური შესყიდვები უკვე დაიწყო“ -  რომელი ქვეყანა ჩაანაცვლებს რუსეთს

რუსეთის მიერ წიწიბურას ექსპორტის დროებით შეჩერებაზე გავრცელებულ ინფორმაციას, ქართულ ბაზარზე პროდუქტის მასიური შესყიდვა მოჰყვა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას წიწიბურას მსხვილი იმპორტიორი კომპანიის „ჯიბეს“ კომერციული დირექტორი აცხადებს, ვინც აქამდე 2 ტონას ყიდულობდა, ახლა 20 ტონა პროდუქტის შეკვეთა გააკეთა.

სანდრო კახიძე ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, მარაგები არსებობს, ამოწურვის შემთხვევაში კი, ალტერნატიული ბაზარი ჩინეთი იქნება.

,, გარკვეული პერიოდის მერე, ფასზე რა თქმა უნდა, გარკვეულწილად აისახება, მაგრამ ამ წუთას ჩვენ ნაყიდი გვაქვს პროდუქცია და მოგვაქვს. არ არის ის პრობლემა, რომ პროდუქცია ვერ შემოვიტანოთ. ეს დღეები შეიძლებოდა და ვიყიდეთ, წამოვიღეთ საკმაოდ ბევრი. ჩვეულებრივ ტენდენციაში, როგორც გუშინ დღემდე, იყიდებოდა წიწიბურა, ეს არის 2 თვის მარაგი, მაგრამ მას შემდეგ, რაც გუშინ მედიით ცნობილი გახდა, რომ რუსეთი აჩერებს ექსპორტს, ყველა მირეკავდა და პანიკური შესყიდვები დაიწყო. ვინც აქამდე 2 ტონას ყიდულობდა, 20 ტონა შემიკვეთა. ეს არ არის რეალური ტენდენცია და ამდენის რეალიზება ვერ მოხდება, ამ ტემპით არ იყიდება წიწიბურა რეალურად, უბრალოდ, ინფორმაციამ იმოქმედა.

მას შემდეგ, რაც მარაგი ამოიწურება, ჩვენს შემთხვევაში ალტერნატიული ბაზარი იქნება. შორია და ტრანსპორტირებას დიდი დრო უნდა, მაგრამ ფასით ყველაზე მისაღებია“, - განაცხადა კომპანია ,,ჯიბეს“ კომერციულმა დირექტორმა.

ცნობისთვის, რუსეთი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში წიწიბურას მთავარი იმპორტიორია, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით პროდუქტის ექსპორტს აჩერებს, მიზეზი - შიდა ბაზრის დაცვაა. 2021 წლის იანვარ-მარტში იმპორტირებული წიწიბურას 99,9% რუსეთიდან შემოვიდა.

თამარ მუკბანიანი