პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალური მრჩევლის, ვაზილ ჰუდაკის ამოცანა იქნება საქართველოს ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის აღდგენის გეგმაზე ვმუშაობთ. ამ გეგმაში, რა თქმა უნდა, საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მოხდება, მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის და აქედან გამომდინარე ჩვენ შევარჩიეთ ბატონი ვაზილ ჰუდაკი, რომელიც არის საქართველოს დიდი მოქალაქე, დიდი მეგობარი. ის მისი წარმატებული კარიერის განმავლობაში მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად, ფინანსთა მინისტრად, მანამდე მუშაობდა კერძო ბანკებში. ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს, როცა საინვესტიციო ბანკის ვიცე -პრეზიდენტი იყო, ხშირად სტუმრობდა საქართველოს, იცნობს ჩვენს გუნდს, ჩვენს ეკონომიკურ გუნდს. ის გუშინ წარადგინეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად. ბატონმა ვაზილმა უკვე გამართა შეხვედრები ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან. მისი ამოცანაა ჩვენი ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. იგი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტებზე. მას ურთიერთობა ექნება როგორც ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ჩვენი დღევანდელი სტრატეგიის გათვალისწინებით, საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების სფეროში ევროპის პოლიტიკას ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ეს პოლიტიკაც სწორედ ბატონი ვაზილის პროფესიული რჩევებითა და ხედვებით განხორციელდება. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო ამ შეთავაზების მიღებისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.