ვინ არის ვაზილ ჰუდაკი, რომელიც პრემიერმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი წარადგინა.

აღნიშნულ პოსტს ვაზილ ჰუდაკი დაიკავებს.

ვაზილ ჰუდაკი 2006 წლიდან 2010 წლამდე იყო ვიცე-პრეზიდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის საკითხებში Citigroup- ში (პრაღა/ლონდონი). 2010-2011 წლებში ის მუშაობდა JPMorgan Chase Bank- ში (ლონდონი), ის იყო აღმასრულებელი დირექტორი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საჯარო სექტორთან თანამშრომლობის მიმართულებით. 2012 წლიდან 2015 წლამდე იყო სლოვაკეთის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი.

ვაზილ ჰუდაკი 2015-2016 წლებში სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. უკვე შემდგომ 2016-2019 წლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

2019 წლის ნოემბრიდან ვაზილ ჰუდაკი სლოვაკური საკონსულტაციო ცენტრის GLOBSEC-ის პროექტების მმართველია. ის არის ბუდაპეშტის აეროპორტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც. ამასთან, 2021 წლის თებერვლიდან ჰუდაკი ჩეხეთის განვითარების ფონდის საინვესტიციო კომიტეტის წევრია. ის ასევე არის ჩეხური საინვესტიციო ფონდის 4gimel-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ვაზილ ჰუდაკი 1964 წლის ოქტომბერში მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. დამთავრებული აქვს ჩეხეთის ჩარლის უნივესიტეტი და ჰარვარდის ბიზნეს სკოლა.