3 თვეში კომერციულმა ბანკებმა ჯარიმებით და საურავებით 18,5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს - ვინ მიიღო ყველაზე მეტი თანხა

კომერციულმა ბანკებმა 2021 წლის სამი თვის განმავლობაში, საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 18 546 189 ლარი მიიღეს.

ეს კი 2,695 მლნ ლარით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2020 წლის პირველ კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 15 851 081 ლარის შემოსავალი მიიღეს.

როგორც კომერციული ბანკების 2021 წლის პირველი კვარტლის ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო - 8 013 195 ლარი. ხუთეულში არიან „საქართველოს ბანკი“, „კრედო ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“ და „ფინკა ბანკი“. „ვითიბის“, „იშ ბანკის საქართველოს“ და „სილქროუდ ბანკს“ კი ამ მუხლით შემოსავალი არ უფიქსირდებათ.

საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული ყველაზე მეტი შემოსავლით, ტოპ-5 ბანკის ჩამონათვალი ასეთია:

  • „თიბისი ბანკი“ - 8 013 195 ლარი
  • „საქართველოს ბანკი“ – 3 169 907 ლარი
  • „კრედო ბანკი“ – 3 111 863 ლარი
  • „ლიბერთი ბანკი“ – 1 899 462 ლარი
  • „ფინკა ბანკი“ - 537 627

აღსანიშნავია, რომ ქართული საბანკო სექტორი მოგების მაღალ მარჟას სწორედ ჯარიმების/საურავებისა და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე აღწევს. აღნიშნული მონაცემები კი საქართველოში ბანკების მიერ დაწესებული ჯარიმების სიძვირეზე მიუთითებს.

ნინი ქეთელაური