Moderna-მ წლიური შემოსავლების პროგნოზი 19,2 მილიარდ დოლარამდე გაზარდა

Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკულმა კომპანია Moderna-მ მიმდინარე წლის შემოსავლების პროგნოზი 4,3%-ით, 19,2 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. პროგნოზი ვაქცინების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს ეხება.

თებერვალში კომპანია ვაქცინების რეალიზებიდან 18,4 მილიარდი დოლარის შემოსავალს პროგნოზირებდა. Moderna-ს განცხადებაში წერია, რომ მთელ რიგ ქვეყნებში კომპანიის ვაქცინაზე გაზრდილმა მოთხოვნამ პროგნოზის ზრდაც განაპირობა.

მეორე ამერიკული კომპანია Pfizer, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გერმანულ BioNTech-თან ერთად აწარმოებს, მიმდინარე წელს ვაქცინების რეალიზებიდან 26 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოელის.

ოთხშაბათს ვაქცინის მსოფლიო კონგრესზე (World Vaccine Congress Washington 2021), რომელიც ვიდეოფორმატში ჩატარდა, პრეპარატი Moderna მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინად დასახელდა. კომპანიას „ვაქცინის საუკეთესო ახალი ტექნოლოგია-პლატფორმის“ ჯილდოც გადაეცა. კონგრესის ვებ-გვერდზე წერია, რომ „საკმაოდ მაღალი შეფასება“ მიიღო Pfizer/ BioNTech-ის ვაქცინამაც. „შორტ ლისტში,“ ასევე, დასახელებულია AstraZeneca-ს და Спутник V-ის ვაქცინები.

კოკა კვირკველია