საკრუიზო ოპერატორი კომპანია Norwegian Cruise Line Holdings-ის პირველი კვარტლის შემოსავლები პროგნოზირებადზე დაბალი აღმოჩნდა და 99,8%-ით შემცირდა. იანვარ-მარტში Norwegian Cruise Line-ის სუფთა ზარალმა 1,37 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიას 1,88 მილიარდი დოლარის წაგება ჰქონდა.
Norwegian-ის შემოსავლები გასული წლის 1,25 მილიარდიდან 3,1 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც კრუიზების სრულად გაჩერებამ გამოიწვია.
თუმცა კომპანიაში მომავალი გეგმების მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილი და 2022 წლის ჯავშნებზე საკმაოდ მაღალ მოთხოვნას მოელიან.
კომპანია ამერიკის დაავადებათა კოტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრთან (Centers for Disease Control and Prevention - CDC ) მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ამერიკული პორტებიდან საზღვაო კრუიზები განაახლოს. გასულ თვეს კომპანიამ CDC-ის ნაოსნობის განახლების გეგმა წარუდგინა, რომელიც 4 ივლისიდან საკრუიზო მომსახურებას მხოლოდ ვაქცინირებული მგზავრებისთვის გულისხმობს. Norwegian, ასევე, საკუთარ თავზე იღებს ეკიპაჟის აუცილებელ ვაქცინაციას. კომპანია პირობას დებს, რომ ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მკაცრ ზომებს დააწესებს.
Norwegian Cruise Line-ის კაპიტალიზაცია ბოლო 3 თვეში 15,9%-ით გაიზარდა და 11 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანია ბაზირებულია მაიამიში და 3 ბრენდს მართავს - Norwegian Cruise Line-ს, Oceania Cruises-სა და Regent Seven Seas Cruises-ს. ჰოლდინგის შემადგენლობაში სულ 28 საკრუიზო ლაინერია, რომელიც ჯამში 59 ათას მოგზაურს იტევს.