Tesla-ს გენდირექტორის პოსტზე ილონ მასკმა მხოლოდ ერთ წელში 11 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა

ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა 2020 წელს 11 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. 2018 წელს მასკი კომპანიას შეუთანხმდა, რომ მისი ანაზღაურება აქციების ოპციონის სახით მომხდარიყო. 2020 წელს კომპანიამ საკუთარ გენერალურ დირექტორს აქციების შესყიდვის უფლება მისცა, რაშიც ილონ მასკმა მხოლოდ 2,3 მილიარდი დოლარი დახარჯა, დღეს კი ამ აქციების ღირებულება 13,3 მილიარდი დოლარია. ამის შედეგად 2020 წელს Tesla-ს გენერალური დირექტორის პოსტზე ილონ მასკის შემოსავალმა 11 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მისი ახლო კონკურენტების მაჩვენებლებს ათობით აღემატება.

Forbes-ის შეფასებით, ამ ეტაპზე მასკი თავის შემოსავალს რეალურ თანხად ვერ გადააქცევს, რადგან ოპციონის პირობების თანახმად, ის ამ აქციებს მინიმუმ 5 წელი უნდა ფლობდეს. შეთანხმების მიხედვით, თუ კომპანია დასახულ მიზნებს მიაღწევს, მასკს უფლება მიეცემა, შეიძინოს ჯამში 101,2 მილიონი ცალი აქცია, რომელთა ღირებულება ამ დროისთვის 67,9 მილიარდი დოლარია.

Forbes-ის სიაში ილონ მასკი, 164,4 მილიარდი დოლარის ქონებით, მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანია. ის მხოლოდ ჯეფ ბეზოსს ჩამორჩება, რომლის კაპიტალიც 189,7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

კოკა კვირკველია