მთავრობა დამატებით 30 თეთრ პიკაპს ყიდულობს.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში განცხადებების მიღება უკვე დასრულებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 938 500 ლარია. ამ ეტაპზე შერჩევა/შეფასება მიმდინარეობს.
როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი კომპანიამ „კავკასუს მოტორსმა“ წარადგინა. მის მიერ შეთავაზებული თანხა 2 938 500 ლარს შეადგენს. იმის გამო, რომ ტენდერი დაფარული მონაცემებით არის გამოცხადებული, მხოლოდ ყველაზე დაბალფასიანი მონაწილე ჩანს. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენი პრეტენდენტი მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვაში. შერჩევა-შეფასების ეტაპზე მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის ვინაობა და ტექნიკური დოკუმენტაცია ხდება საჯარო წინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში.
სატენდერო პირობების მიხედვით, მომწოდებელი ვალდებულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე განახორციელოს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2020 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს თეთრი ფერის.
დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.აღსანიშნავია, რომ კონსოლიდირებული ტენდერი არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გამართვას.
„კავკასუს მოტორსი“ 2011 წელს დაფუძნდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იან წილს „იბერია ბიზნეს ჯგუფი“ ფლობს. ეს უკანასკნელი ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. რეესტრის ამონაწერით, „იბერია ბიზნესჯგუფს“ „აი-ბი-ჯი ჰოლდინგი“ ფლობს, რომლის წილები ასე ნაწილდება: ტარიელ ხეჩიკაშვილი - 24%; ეკატერინე ინასარიძე - 29.22%; თამარ გვაზავა - 10.89%; მადონა თამაზაშვილი - 10.89%; ს.ს. „რედი კეპიტალი“ (რუსეთი) - 20% და სნეჟანა კოტოვა (რუსეთი მოქალაქე) - 5%.