სააღდგომო დღესასწაულების გამო მომატებული სოციალური აქტივობებიდან გამომდინარე, ამ ორ კვირიან პერიოდში ინფიცირების გარკვეული მატება შესაძლოა იყოს და დაემთხვევა მაისის შუა რიცხვებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, უკვე შევედით პიკურ პერიოდში, თუმცა იმ რეგულაციების ფონზე, რომელიც დღეს დაწესებულია, საშუალოზე მეტი შემთხვევა „აღარ უნდა მივიღოთ”.
„ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალურ მობილიზაციაში რჩება, 6000-მდე საწოლი უკვე მობილიზებულია და დამატებით ვფიქრობთ საწოლების მობილიზებას. ამ პერიოდში ისევ მნიშვნელოვანია აქტიური ტესტირება და ადრეული გამოვლენა, თუკი იყო ეფექტი და უარყოფითი შედეგი სადღესასწაულო დღეებში ეს უნდა გადავაზღვიოთ იმით, რომ ადრეულად მოხდეს ინფიცირებული პირების გამოვლენა. სტატისტიკა ნარჩუნდება 1500-მდე ახალ შემთხვევაზე დღეში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, უკვე შევედით პიკურ პერიოდში და შესაძლოა, მცირე მატება იყოს, თუმცა ამაზე მეტი შემთხვევა იმ რეგულაციების ფონზე, რომელიც დღეს არის დაწესებული, მობილობის ამგვარი რეჟიმით აღარ უნდა მივიღოთ”, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.