წამლის ხარისხის ლაბორატორიის შექმნა, პირველ ეტაპზე, სახელმწიფო ხარჯებით მოხდება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მინიმალური ინვესტიცია, რომელიც ბაზისური ლაბორატორიისთვის არის საჭირო, 3 მილიონი დოლარით არის შეფასებული.
„წელს წამლის ხარისხის ლაბორატორია არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომლის შექმნა სახელმწიფო ხარჯებით მოხდება, პირველ ეტაპზე და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გამოვიყენოთ სხვა რესურსიც. საუბარი მაქვს სასესხო ხელშეკრულებებზე, ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელია აღჭურვილობის შესყიდვის ნაწილში ეს საკითხი განვიხილოთ, თუმცა პირველ ეტაპზე, ჩვენ რეაბილიტაციის და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განვიხილავთ ინფრასტრუქტურის ინვესტიციის საკითხს, რათა წამლის ხარისხის ლაბორატორია უმოკლეს ვადებში იყოს გამართული. ვფიქრობ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო და მომავალი წლისთვის უკვე გვექნება გამართული. საწყისი მინიმალური ინვესტიცია, რომელიც ბაზისური ლაბორატორიისთვის არის საჭირო, შეფასებულია 3 მილიონი დოლარით - ეს არის ბაზისური აღჭურვილობის ჩათვლით, ინფრასტრუქტურული საჭიროებისთვის მისი ნაწილი, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებია”, - განაცხადა გაბუნიამ.