რა ცვლილებებს გეგმავს Facebook 2015 წლიდან

2015 წლის 1 იანვრიდან სოციალური ქსელი ”ფეისბუქი” საკუთარ მომხმარებლებს რამდენიმე ცვლილებას შესთავაზებს.

პირველ რიგში, ცვლილებები შეეხება ნიუსფიდში რეკლამის რაოდენობას, რომელიც მომავალი წლიდან შემცირდება. კომპანიის ოფიციალურ ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ”ფეისბუქი” ცვლილებებს შეიტანს ნიუსფიდის ალგორითმში, რაც სარეკლამო შინაარსის შემცველი განცხადებების შემცირებას გამოიწვევს. სარეკლამო ხასიათის განცხადებები შეიზღუდება იმ მომხმარებლებისთვისაც, რომელთაც მოწონებული ჰქონდათ კონკრეტული ბრენდის ან ცნობილი ადამიანის გვერდი. ”ფეისბუქის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ეს კატეგორიაც ნაკლებ სარეკლამო ინფორმაციას მიიღებს.

”ცვლილებებისკენ გვიბიძგა ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომლის თანახმად, გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა, რომ ნიუსფიდში საკუთარი მეგობრებისა და ახლობლებისგან უფრო მეტი ამბის მიღებას ამჯობინებდნენ, ვიდრე სარეკლამო ინფორმაციის”, - აცხადებენ ”ფეისბუქში”.

კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ მართალია ნიუსფიდში მსგავსი გვერდებიდან ინფორმაციების რაოდენობა შემცირდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაიზრდება ფასიანი რეკლამის რაოდენობა მომხმარებელთა ნიუსფიდში. ”გვინდა, რომ ჩვენს მომხმარებელს დადებითი შთაბეჭდილებები დარჩეთ ”ფეისბუქის” მოხმარებისგან”, - აღშნავენ კომპანიის წარმომადგენლები.

სოციალური ქსელის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილება სავარაუდოდ, შეამცირებს ”ფეისბუქის” რეკლამით მიღებულ შემოსავლებს. მხოლოდ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ”ფეისბუქის” სარეკლამო შემოსავალმა 2,96 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც სოციალური ქსელის საერთო შემოსავლის 92,5 პროცენტია.

კიდევ ერთი ცვლილება ძიების ფუნქციას შეეხება. ახალი ცვლილებების თანახმად, სოციალური ქსელი საკუთარ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, იპოვოს თავიანთი მეგობრებისა და ახლობლების მიერ გაზიარებული პოსტები. კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ საძიებო ველში განხორციელებული ცვლილებები ხელმისაწვდომი იქნება სმარტფონებისა და iPhone-ებისთვისაც. სოციალურ ქსელში ასევე მუშაობენ მომხმარებლისთვის მისი ან მისი მეგობრების ადგილმდებარეობის მიხედვით ზედმიწევნით ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაზე. მაგალითად, მომავალში, როდესაც თქვენი მეგობარი საკუთარი ადგილმდებარეობის კონკრეტულ ადგილს მონიშნავს, სოციალური ქსელი საშუალებას მოგცემთ, იხილოთ ახლომდებარე რესტორნების მენიუები ან იმ ადგილებში მყოფი მეგობრების ამბები.

ყველა ცვლილებება ”ფეისბუქზე” ძალაში 2015 წლის 1 იანვრიდან შევა.