კატების, გაწყვეტილი ურთიერთობების და ვამპირების მუზეუმი - მსოფლიოს 7 ყველაზე უცნაური მუზეუმი

მოგზაურობისას ადგილობრივი მუზეუმების მონახულება ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა.

როგორც წესი, დამთვალიერებლები ისტორიის, ხელოვნების, კულტურისა თუ რომელიმე ცნობილი ადამიანის მუზეუმს სტუმრობენ. თუმცა მსოფლიოში ცნობილი და აღიარებულის გარდა, არსებობს საკმაოდ უცნაური და უჩვეულო მუზეუმებიც, რომელთა შესახებ, დიდი ალბათობით, ჯერ არ გსმენიათ.

კრიპტოზოოლოგიის საერთაშორისო მუზეუმი, აშშ

კრიპტოზოოლოგიის საერთაშორისო მუზეუმი აშშ-ის ქალაქ მაინში მდებარეობს. კრიპტოზოოლოგია იმ არსებებს შეისწავლის, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს და ხალხის ფანტაზიის ნაყოფია. ამ მუზეუმში ისეთ უცნაურ „არსებებს“ შეხვდებით, როგორებიცაა თოვლის კაცი, ელფები, ლოხ-ნესი, დრაკონები და სხვა. ამ არსებების ფიგურები ლეგენდებისა და თქმულებების მიხედვით არის დამზადებული.

გაწყვეტილი ურთიერთობების მუზეუმი, ხორვატია

ვის არ გამოუცდია განშორება და ურთიერთობის გაწყვეტა? სწორედ ამ იდეით ხორვატიაში 2006 წელს გაწყვეტილი ურთიერთობების მუზეუმი შექმნეს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მუზეუმს საკუთარი განშორების ისტორია და საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული ნივთები გაუგზავნოს. როგორც წესი, მუზეუმში ძირითადად დაშორებული წყვილების ნივთებია განთავსებული.

კატების მუზეუმი, ნიდერლანდები

კატების მუზეუმი ამსტერდამში მდებარეობს. აქ კატების შესახებ ყველაფერს ნახავთ - სხვადასხვა ჯიშის კატების ფოტოებს, ნახატებს, ქანდაკებებს, სუვენირებს, კატების საყვარელ სათამაშოებსა და ნივთებსაც კი. მუზეუმში მუდმივად ცხოვრობს 5 კატა, რომლებიც საგამოფენო დარბაზებში დასეირნობენ.

წყალქვეშა მუზეუმი, მექსიკა

ეს ერთდროულად ლამაზი და შემზარავი მუზეუმი მექსიკის ქალაქ კანკუნთან ახლოს ზღვაში მდებარეობს. მუზეუმში სულ 500-ზე მეტი ფიგურაა თავმოყრილი. წყალქვეშა მუზეუმის მონახულება სპეციალური აღჭურვილობითა და ჟანგბადის ბალონითაა შესაძლებელი.

ვამპირების მუზეუმი, საფრანგეთი

პარიზში მსოფლიოში ერთადერთი ვამპირების მუზეუმი მდებარეობს, რომლის ინსპირაციაც ბრემ სტოკერის ლეგენდარული ნაწარმოები გახდა. მუზეუმში ვამპირების შესახებ უამრავ ინფორმაციას ნახავთ. მათ შორისაა უძველესი ტექსტები, ვამპირების ქანდაკებები და ნივთები. სტუმრებს ასევე შეუძლიათ ნახონ ვამპირებისგან თავის დაცვის დეტალური ინსტრუქცია.

ძაღლის საყელოების მუზეუმი, გაერთიანებული სამეფო

ეს უცნაური მუზეუმი ინგლისის ქალაქ კენტში მდებარეობს. მასში 130-ზე მეტი იშვიათი საყელური ინახება, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიები აქვთ. მათ შორის რამდენიმე მე-15 საუკუნითაც კი თარიღდება.

საპირფარეშოს მუზეუმი, იაპონია

საპირფარეშოების მუზეუმი ტოკიოში, იაპონიაში მდებარეობს. ამ უცნაური მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, სხვადასხვა სახის საპირფარეშოები და თემატური ნივთები იხილონ.

ბექა ბერიაშვილი