ლუქსემბურგი, სან-მარინო, ნიდერლანდები - ევროპის ქვეყნები, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალია

ბოლო ორ წელიწადში განვითარებული მოვლენების გამო, რაც მთელმა მსოფლიომ იგრძნო, თითქმის ყველა ქვეყანამ სერიოზული ფინანსური რყევები განიცადა. პანდემიით დაწესებულმა კარანტინმა ბევრი ქარხნის დახურვა გამოიწვია, უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ევროპის ქვეყნებში ეკონომიკის რეკორდული ვარდნის შემდეგ, რეკორდული ზრდაც დაფიქსირდა.

საინტერესოა, რომელი ქვეყნები ითვლება დღეს ევროპაში ყველაზე მდიდარ ქვეყნად და სად არის მშპ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი.

1. ლუქსემბურგი: 122 740 აშშ დოლარი

ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით ლუქსემბურგი სიმდიდრით და ცხოვრების დონით მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში რჩება. ეს პატარა ევროპული ქვეყანა ცნობილია თავისი საბანკო და ფინანსური მომსახურებით. ლუქსემბურგის მშპ გასულ წელს 2% - ით გაიზარდა და 2021 წელს 122 740 დოლარს მიაღწია.

2. სან მარინო: 61 510 დოლარი

სან მარინო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო იტალიის ჩრდილო – ცენტრალურ ნაწილში. მისი მთავარი ინდუსტრია ტურიზმია, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ 2020 წელს ეკონომიკამ შემცირება დაიწყო. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 9% -ით დაეცა. თუმცა, აღდგენის ტენდენცია უკვე შეინიშნება და სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წლისთვის მშპ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

3. ნიდერლანდები: 60 460 დოლარი

კორონავირუსის პანდემიის შედეგად ნიდერლანდებში, ერთ სულ მოსახლეზე მშპ 3,3% -ით დაეცა, მაგრამ 2021 წელს 60 460 აშშ დოლარით, პანდემიის წინა მაჩვენებელს გადააჭარბა.

4. ავსტრია: 57 890 აშშ დოლარი

მშპ-ის მაჩვენებლით ერთ სულ მოსახლეზე, ავსტრია გერმანიას ოდნავ უსწრებს. ეს გასულ წელთან შედარებით 4,8% -ით მეტია.

5. გერმანია: 56 960 დოლარი

ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, გერმანიაში სიმდიდრე თანაბრად ნაწილდება. 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანას 136 მილიარდერი ჰყავს. ერთ სულ მოსახლეზე მშპ ამჟამად 56 960 აშშ დოლარია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5% -ით აღემატება.

6. ბელგია: 53 970 აშშ დოლარი

ბელგია COVID19 -ის “ცხელი წერტილია“. 2020 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე თითქმის 6% -ით შემცირდა და 51 096 აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წელს მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა და 53,970 დოლარი გახდა.

7. ფინეთი: 51 870 დოლარი

ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი ფინეთში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4% –ით გაიზარდა. დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, ფინეთის ეკონომიკა კორონავირუსის გამო დაზარალდა, მაგრამ მალევე აღდგა.

8. საფრანგეთი: 49 490 დოლარი

საფრანგეთის ვალი პანდემიის დროს ძალიან გაიზარდა. 2020 წელს საფრანგეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 7%-ზე მეტით შემცირდა.

9. მალტა: 45 040 აშშ დოლარი

მალტას მშპ 2020 წელს დაეცა, მაგრამ ეს ტურისტზე დამოკიდებული კუნძული ქვეყანა ეკონომიკურ მდგრადობას ნელ-ნელა იბრუნებს.

10. იტალია: 43 380 დოლარი

იტალია იყო ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის გამო ეკონომიკური ვარდნა განიცადა. 2020 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე თითქმის 7.6%-ით შემცირდა. 2021 წელს გაუმჯობესება უკვე იგრძნობა. ქვეყნის ეკონომიკა უმჯობესდება, მშპ -მ კი 6% -ით მოიმატა.

11. ჩეხეთი: 42 960 დოლარი

2020 წელს ჩეხეთმა ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა განიცადა. პანდემიამ წარმოების სექტორი თითქმის გაანადგურა. 2021 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე გასულ წელთან შედარებით თითქმის 5,8% -ით გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კიდევ 30%-იან ზრდას პროგნოზირებს.

12. კვიპროსი: 41,600 აშშ დოლარი

კვიპროსი ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. გასული წლის აგვისტოში ქვეყანამ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მშპ-ს 7% -იანი კლება იწინასწარმეტყველა, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2020 წელს მხოლოდ 5,1% -იანი ვარდნა დააფიქსირა. კვიპროსში მშპ ერთ სულ მოსახლეზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7%-ით გაიზარდა.

(წყარო - lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი