რაზე იზრდება ჯარიმა და პასუხიმგებლობა - ცვლილებები, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ საუბარია, პარლამენტის მიერ გასულ კვირას "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან" დაკავშირებით ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტის მიღებაზე.

პირველი კანონპროექტით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა. კერძოდ, ცვლილებებით, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, სასამართლოს წარედგინება. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 24 საათით. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში სასამართლოს არ წარედგინა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები 2021 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება.

მეორე კანონპროექტით კი, რომელიც უკვე ამოქმედდა, პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად:

  • წვრილმანი ხულიგნობა (საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს) – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. აღნიშნული დარღვევის განმეორებით ჩადენა კი - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით. ამასთან, ამ ტიპი სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ჩადენა გამოიწვევს - დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. დარღვევის განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს - დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ამ ტიპის დარღვევაზეც პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

თაია არდოტელი