ტურისტულ კომპანიებს შორის დავაში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი არ დადასტურდა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე მორიგი მოკვლევა დაასრულა.

სააგენტოს ცნობითვე, საკითხი ეხებოდა ტურისტული კომპანია Free spirit tours-ის საჩივარს, რომლის მიხედვითაც კონკურენტი კომპანია ,,სფინქს თრეველის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა კომპანიის სავაჭრო ინფორმაციის და კომერციული საიდუმლოების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ფაქტს.

,,კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დეტალურად იქნა შეფასებული საერთაშორისოდ აღიარებული და უცხო ქვეყნების სამართლის რელევანტური ნორმების შინაარსი სავაჭრო ინფორმაციასა და კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებით. სააგენტოს მიერ შედარებულ იქნა ორივე მხარის მიერ გამოქვეყნებული ვიდეორგოლებისა და რეკლამის მსგავსება. განთავსებულ ინფორმაციებს შორის არსებითი მსგავსება არ დგინდება.

შესაბამისად, მოკვლევის პროცესში დადგინდა, რომ შპს Free spirit tours-ის მიერ დასახელებული ინფორმაცია - ტურისტული პროგრამები (მარშრუტები და დროითი დაგეგმარება), სარეკლამო სტრატეგია და კლიენტთა შესახებ ინფორმაცია, მათი არსიდან გამომდინარე, არ შეიძლება წარმოადგენდეს კომერციულ საიდუმლოებასა და სავაჭრო ინფორმაციას. აღნიშნული პროგრამა საჯაროდ ცნობილი და ადვილად ხელმისაწვდომია, ხოლო კლიენტთა შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება დასაქმებულის გამოცდილებასა და შეძენილ უნარებს.

შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან ადგილი არ აქვს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის - კეთილსინდისიერი კონკურენციის დარღვევის ფაქტს,“ - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი