JPMorgan-ი ამერიკის ეკონომიკის „ბუმს“ ელოდება

„აშშ-ს „ეკონომიკური ბუმი“ ელოდება, თუმცა, ქვეყნის ხელისუფლებამ შესაძლოა, ეს შანსი ხელიდან გაუშვას, თუ სახელმწიფო ხარჯების მკაფიო გეგმას არ შეიმუშავებს,“ - ასე ფიქრობს JPMorgan Chase & Co-ს გენერალური დირექტორი ჯეიმი დეიმონი.

„ზრდა - ეს ძალიან კარგია. ამით ყველამ უნდა ისარგებლოს“ - თქვა მან The Wall Street Journal-თან ინტერვიუში, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო ხარჯებს, რომელიც მიმართულია ეკონომიკის სტიმულირებაზე, არ ექნება ეფექტი თუ ის არასწორადაა დაგეგმილი. მან აღნიშნა, რომ გზების მშენებლობის გეგმაც კი ძალიან მკაფიოდ უნდა გაიწეროს, თუ რამდენი მილი, რა ღირებულების და რა ვადებში უნდა აშენდეს.

„დადებითი ეფექტი არ ექნება კოლეჯებში უფასო განათლებას, თუ სასწავლებლები არ შეფასდებიან კურსდამთავრებულების შემდგომი დასაქმების კუთხით,“ - თვლის დეიმონი.

მისივე თქმით, მკაფიო გეგმის გარეშე გამოყოფილი უზომოდ დიდი სუბსიდიები, უბრალოდ, შედეგის გარეშე დაიხარჯება. მანვე დასძინა, რომ სახელმწიფო რეგულაციები ხშირ შემთხვევაში ანელებდა მცირე ბიზნესის და სხვა კომპანიების ზრდას.

ეკონომიკური ბუმის ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის დეიმონმა დაასახელა მზარდი ინფლაცია და პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული მცირე ბიზნესის რთული მდგომარეობა.

კოკა კვირკველია