გიორგი კვირიკაშვილი: "აირზენას" საკითხში არის ორი მხარე, ჩვენ მათ შორის ბალანსი უნდა დავიცვათ

"აირზენას" საკითხში არის ორი მხარე: კომპანიის ინტერესები და ტურისტები, ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი ამ ორ მხარეს შორის.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ჯორჯიან ეარვეისსა" და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის გუშინ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის შემცირების ხარჯზე კერძო კომპანიების დახმარება არ მოხდება. "აირზენას საკითხში არის ორი მხარე. ერთი მხარე არის კომპანიის ინტერესები და მეორე მხარე არის მომხმარებელი, ანუ ტურისტები, რომელშიც იგულისხმება საქართველოს მოქალაქეები და სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მოლაპარაკებებში ვართ რუსულ მხარესთან. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო ეს მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი ამ ორ მხარეს შორის. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია სპეკულაციები, რადგან მოლაპარაკებები არ დაგვისრულებია და ვფიქრობ, ცალკეული ადამიანები ძაბავენ ამ სიტუაციას. ტურიზმის შემცირების ხარჯზე ჩვენ კერძო კომპანიების დახმარებას ვერ მოვახდენთ. ჩემთვის ამ ადამიანების გულისტკივილი გასაგებია, მაგრამ ეს პრობლემა არის ძალიან მრავალწახნაგოვანი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შესაძლო გამოყოფას ეკონომიკის სამინისტროსგან, როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი საკითხი, თუმცა, თავად ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

”აირზენას” თანამშრომლებმა გუშინ გაფიცვა გამოაცხადეს და რუსეთის მიმართულებით რეისები შეწყვიტეს. კომპანიიის ხელმძღვანელობა საჰაერო ავიაციის ადმინისტრაციას არათანაბარი პირობების შექმნაში ადანაშაულებს.