მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 16 500 000 რუსული რუბლის ქვეყნის საზღვარზე უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული 16 500 000 რუსული რუბლის (760 996.5 ლარი) ქვეყნის საზღვარზე უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული, საქართველოს მოქალაქის ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევისთვის, აღნიშნულ პიროვნებას სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული თანხის ჩამორთმევა.