ფერმერების აგროდიზელით მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების ბარათების მიღება ვებგვერდზე my.mepa.gov.ge რეგისტრაციითაა შესაძლებელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის განვითარების სააგენტოდან აცნობეს, პროგრამის ბენეფიციარი ელექტრონული ბარათით „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბენზინგასამართ სადგურზე აგროდიზელს შეღავათიან ფასად მიიღებს.
მიმდინარე წლის 10 მაისიდან, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაში ჩართვას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მეიჯარეებიც შეძლებენ.
„პროგრამით სარგებლობენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა. ასევე პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას, იჯარის რეგისტრაციას ან/და დაზუსტებას.
პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15, 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.
ნებისმიერი მოცულობის დიზელის ფასდაკლების ბარათების განაღდება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ 89 ბენზინგასამართ სადგურზე, ასევე მის საბითუმო ბაზებზე თბილისსა და სამტრედიაში.
2020 წლიდან, პროგრამის გააქტიურებიდან, დღემდე ფერმერებმა მიიღეს 33,400 ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები;
პროგრამა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება,“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.