Siemens-ის კვარტალური მოგება 3-ჯერ გაიზარდა

ევროპაში უმსხვილესმა კონგლომერატმა Siemens-მა პირველ კვარტალში სუფთა მოგება 247%-ით გაზარდა და მიმდინარე წლის ფინანსური პროგნოზი გაიუმჯობესა.

გავრცელებულ პრეს-რელიზში წერია, რომ სამ თვეში კომპანიის სუფთა მოგებამ 2,27 მილიარდი ევრო შეადგინა მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 652 მილიონი ევროს მოგება ჰქონდა. მარტში Siemens-მა 900 მილიონ ევროდ Flender GmbH-ის განყოფილება გაყიდა, რომელიც საინვესტიციო კომპანია Carlyle Group-მა შეიძინა. Siemens-ის კვარტალურ სუფთა მოგებაში ეს შემოსავალიც არის ასახული.

კომპანიის კვარტალურმა შემოსავალმა 14,67 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც შარშანდელ ამავე პერიოდთან შედარებით, 6%-ით მეტია. იანვარ-მარტში კომპანიის შეკვეთები 8%-ით გაიზარდა და 15,88 მილიარდ ევროს მიაღწია.

ანალიტიკოსები პირველ კვარტალში Siemens-ის 1,56 მილიარდი ევროს სუფთა მოგებას, 14,13 მილიარდი ევროს შემოსავლებსა და 5,07 მილიარდი ევროს შეკვეთებს პროგნოზირებდნენ.

გაუმჯობესებული კვარტალური ფინანსური მაჩვენებლების გამო, კომპანია მიმდინარე წელს 5,7-6,2 მილიარდი ევროს სუფთა მგოებას პროგნოზირებს. მანამდე ამ მოგებას 5-დან 5-ნახევარი მილრადი ევროს ფარგლებში მოელოდა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციების ფასმა მოიმატა. წლის დასაწყისიდან დღემდე Siemens-ის კაპიტალიზაცია 21,9%-ით, 111,9 მილიარდ ევრომდე არის გაზრდილი.

კოკა კვირკველია