როდის გამოჩნდება "ქართული ბიტკოინი"?!

ციფრული ლარის გამოშვების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებამ დიდი ინტერესი გამოიწვია.

უპირველესად, გაჩნდა მეტად დაკონკრეტების მოთხოვნა და კითხვები: როგორი იქნება ციფრული ლარის ეკვივალენტი და რა ბედი ელის კომერციულ ბანკებს, თუ შესაძლებელი იქნება ფინანსური ტრანზაქციები მათი გვერდის ავლით? საბანკო სექტორიც დიდი ინტერესით ელოდება სებ-ის განმარტებას, თუ რა შინაარსი ექნება ციფრულ ლარს, თუმცა მზად არიან სიახლეთა დანერგვისთვის. სხვათა შორის, პირად საუბრებში ამბობენ, რომ გრძელვადიანი პერსპექტივისთვისაც კი ნაადრევია საუბარი კომერციული ბანკების როლის შესუსტებაზე ან იმაზე, რომ შუამავლობა საჭირო აღარ იყოს. კომერციულ ბანკებში არც იმას გამორიცხავენ, რომ ციფრულმა ლარმა შესაძლებელია მათთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინოს, თუნდაც ბლოკჩეინ-ტექნოლოგიით შექმნილი ფულის მომსახურებაში. თუმცა ყოველივე ეს იმაზეა დამოკიდებული, რას იტყვის ეროვნული ბანკი, რომელიც თავადაც ციფრული ლარის გამოშვების ტექნოლოგიური ძიების პროცესშია.

"ციფრული ლარის ტექნოლოგიას ბევრი უპირატესობა ექნება"

პაპუნა ლეჟავა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი:

"ციფრული ლარის მთავარი ფუნქცია და მიზანია იყოს გადახდის საშუალება სწორედ ისე, როგორც ნაღდი ლარი.

ეს იქნება ეროვნული ვალუტის ციფრული ვერსია. ნაღდი ლარის მსგავსად, მისი ფუნქცია მომენტალური იქნება - გაიცვლება ორ მხარეს შორის და ამისთვის შუამავალი არ დაგვჭირდება. თუმცა ნაღდი ფულისგან განსხვავებით, ციფრულ ლარზე შესაძლებელი იქნება დამატებით "ლოგიკების" დაშენება - ანუ ე.წ. ჭკვიანი კონტრაქტების შემუშავება. მაგალითად, მარაგების ამოწურვის შემთხვევაში ბიზნესებს მიმწოდებლისთვის თანხის ავტომატურად გადარიცხვისა და ახალი მარაგების გამოწერის საშუალება მიეცემათ.

ციფრული ლარის ტექნოლოგიას ბევრი უპირატესობა ექნება და საქართველოში ინოვაციების შექმნის საფუძველს უფრო გაზრდის. დღეს უნაღდო ანგარიშსწორებისთვის შუამავალი გვჭირდება და კარგ შემთხვევაში, ეს შესაძლოა ერთი ბანკი იყოს. თუმცა, როცა გადარიცხვა აუცილებელია სხვადასხვა ბანკს შორის, ამ პროცესში ჩართულია რამდენიმე შუამავალი და დროც მეტი იხარჯება. შესაბამისად, ასეთი ტრანზაქცია და მასთან დაკავშირებული ხარჯი საკმაოდ ძვირია. თუმცა ჩვენ ციფრულ ლარს არა როგორც საბანკო ელექტრონული გადარიცხვების კონკურენტს, არამედ ნაღდი ფულის ჩამნაცვლებლად მოვიაზრებთ. ელექტრონულ ლარს არ ექნება განსხვავებული ღირებულება, ის იქნება ლარის სხვანაირი ვერსია და ისევე როგორც გაცვლითი კურსისთვის არა აქვს მნიშვნელობა ლარს ქაღალდზე დავბეჭდავთ თუ მის შესაქმნელად სხვა მასალას გამოვიყენებთ, მისი ღირებულებისთვის ასევე არ ექნება მნიშვნელობა კომპიუტერული პროგრამით შევქმნით თუ ბეჭდურ ვერსიას გამოვუშვებთ. შესაბამისად, ლარის კურსზე ციფრული ლარის გამოშვებას გავლენა არ ექნება.

რაც შეეხება ციფრული ლარის უპირატესობას, უპირველესად, ეს არის დაბალი საოპერაციო ხარჯები. მოგეხსენებათ, ნაღდი ფულის ბრუნვა დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, საჭიროა ბანკები, ფილიალები, ბანკომატები და ეროვნულ ბანკს ფულის ბეჭდვა დიდი თანხა უჯდება. ციფრული ლარის შემთხვევაში ეს ბევრად იაფი იქნება. მაგალითად, ფედერალური სარეზერვო ბანკის კვლევის მიხედვით, ციფრული ლარის გამოყენება იმ ხარჯების დაახლოებით 15%-ს შეადგენს, რაც საჭიროა ნაღდი ფულის შემთხვევაში. სიიაფესთან ერთად, ციფრული ლარით ტრანზაქცია იქნება მომენტალური და არ დასჭირდება რამდენიმე საათი ან თუნდაც რამდენიმე დღე. ასევე მოლოდინი გვაქვს, რომ ციფრული ლარი გაზრდის ფინანსურ ჩართულობას, რადგან მისი გამოყენებისთვის არ იქნება აუცილებელი საბანკო ანგარიში გქონდეს. რაც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, ციფრული ლარი იქნება თავსებადი სხვადასხვა ტექნოლოგიასთან, მისი ფუნქციონალის შეერთება შეეძლებათ როგორც ფინანსურ ინსტიტუტებს, ისე ფინტექ-კომპანიებს. ამასთან, ციფრულ ლარს შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის ეფექტები. მაგალითად, სტატისტიკური ინფორმაციის დაგროვება, რომელსაც ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებისას გამოვიყენებთ, ან კერძო სექტორი შექმნის, დააშენებს ზედ განსაზღვრულ მოდელებსა და ახალ პროდუქტებს.

გარდა ამისა, რამდენიმე კვლევა ცხადყოფს, რომ ციფრულ ლარს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზეც ექნება გავლენა, რადგან ის ფინანსური შუამავლობის ხარჯს ამცირებს. ციფრული ლარის მიმოქცევა ნაღდი ფულის გამოყენებას შეამცირებს. ეს შესაძლოა ახალი შესაძლებლობა იყოს ბანკებისა და ფინანსური კომპანიებისთვის, რათა ახალი ტიპის პროდუქტები შესთავაზონ მომხმარებელს. მაგალითად, თუ ციფრული ლარით შესაძლებელი იქნება კომუნალური გადასახადების გადახდა, ეს პროდუქტიც ხომ ვიღაცამ უნდა შექმნას? ეს შეიძლება იყოს რომელიმე ფინანსური ინსტიტუტი ან ტექნოლოგიური კომპანია.

ჩვენ მიერ დაანონსებული სიახლის მიზანიც ეს იყო, რომ კარი გავხსენით სათანამშრომლოდ ფინანსური ტექნოლოგიების იმ კომპანიებთან, რომელთაც აქვთ ციფრული ვალუტის ექსპერტიზის გამოცდილება. შემდეგი თვეების განმავლობაში ამ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება, რათა მათ შორის შევარჩიოთ საუკეთესო, ვინც საქართველოში ციფრულ ლარს დანერგავს. საუბარია ორი ტიპის მეთოდზე. მაგალითად, ტექნოლოგიურმა კომპანიამ შესაძლებელია ციფრული ლარისთვის ეროვნული ბანკის პლატფორმა გამოიყენოს და სწორედ აქ მოხდეს ციფრული ლარით ანგარიშსწორება. მეორე ალტერნატივაა ეს გააკეთოს კერძო სექტორმა, თუმცა ამ შემთხვევაში ამას ეროვნული ბანკი დაარეგულირებს. ყველა შემთხვევაში

ეროვნულ ბანკს განსაზღვრული კონტროლი ექნება ციფრულ ლარზე, მისი მაინინგი არ იქნება შესაძლებელი და მისი ერთადერთი გამომშვები სწორედ ეროვნული ბანკი იქნება.

საწყის ეტაპზე ჩვენ ვაკეთებთ საპილოტე ვერსიას, რადგან ყველა ის სარგებელი, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, მხოლოდ პოტენციური შესაძლებლობაა. ამიტომაც უნდა შევისწავლოთ, რეალურად იმუშავებს თუ არა ციფრული ლარი.

ციფრული ლარის ემისიის პირველი ეტაპი საკმაოდ შეზღუდული იქნება და ვფიქრობთ, საპილოტე ვერსია მომავალი წლის პირველი ნახევრიდან გავუშვათ.ამის მერე კარგად შევისწავლით შედეგებს და გადავწყვეტთ, ღირს თუ არა ციფრული ვალუტის სრულად დანერგვა".

"სად უნდა გამოიყენოს ეს ფული მოსახლეობამ თუ ბიზნესმა, ჯერჯერობით უცნობია"

ვახტანგ ხომიზურაშვილი, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი:

"მე მაინც მგონია, რომ ეს ეროვნული ბანკის თითიდან გამოწოვილი ინიციატივაა, რადგან მოთხოვნა ციფრულ ფულზე დღეს არ არსებობს. ამის ფუნქციას დღეს ასრულებს უნაღდო გადარიცხვები, ონლაინბანკინგი და ა.შ. გასაგებია, რომ ციფრული ლარი ბლოკჩეინ-ტექნოლოგიით შეიქმნება. ეს კარგი და დაცული ტექნოლოგიაა, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ამას უნდა მიებას ციფრული ლარი. ციფრულ ფულს მხოლოდ მაშინ აქვს მიმზიდველობა, თუ მისი გამოყენების სფერო საკმაოდ ფართოა. ჩვენთან კი შექმნილი ეკონომიკური ინფრასტრუქტურა, მათ შორის კაპიტალის ბაზარი, ისე არ არის განვითარებული, რომ ციფრული ფულის გამოყენებას მოითხოვდეს. ზოგადია ის ჩანაწერიც, სადაც ეროვნული ბანკი ლაპარაკობს იმ სიკეთეზე, რომელსაც ციფრული ლარის გამოშვება მოიტანს.

საინტერესოა, რა იგულისხმება ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობაში?

ციფრული ფულის ეფექტიანობას განსაზღვრავს მასზე მოთხოვნა და სად უნდა გამოიყენოს ეს ფული მოსახლეობამ თუ ბიზნესმა, ჯერჯერობით უცნობია.იმის თქმა, რომ ლარი უფასურდება და ციფრული ვალუტა მყარი იქნება, სულ ცოტა, აბსურდული მგონია. არც ის მგონია სწორი, რომ ის რაღაცით უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რადგან მსოფლიოში ოქროს სტანდარტი 1971 წლიდან აღარ არსებობს და მას შემდეგ არც ერთი ვალუტა არ არის უზრუნველყოფილი. ნებისმიერ ფულს, რომელიც გამოდის, იქნება ეს ლარი თუ ციფრული ლარი, თავისი ეკვივალენტური ღირებულება აქვს, ანუ რაღაც საპირწონე ფასი, რომელიც ბაზარზე ვალუტების კონვერტაციის შედეგად ყალიბდება.

აპელირება იმაზე, რომ ეს ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა, ლიხტენშტაინმა და სამხრეთ კორეამ გააკეთეს და ამიტომ ჩვენც უნდა მივბაძოთ მათ, არა მგონია სწორი. იქ აბსოლუტურად განსხვავებული ბიზნესგარემოა და კაპიტალის ბაზარიც განვითარებულია. ჩვენ კი გვაქვს პატარა ეკონომიკა, აბსოლუტურად განუვითარებელი კაპიტალის ბაზარი, ამიტომ უცხო ქვეყნის მაგალითების გადმოტანა საქართველოში აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია. ამის პროგნოზირება ძალზე ძნელია, მაგრამ, ვფიქრობ, მინიმუმ ათი წლის განმავლობაში საქართველოში ამ ტიპის ციფრულ ფულზე მოთხოვნა არ გაჩნდება. შესაბამისად, ახლა ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში ფულის დაბანდება ფუჭი ხარჯი იქნება. თუ მაინცდამაინც გვინდა არ ჩამოვრჩეთ მსოფლიოს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების გამოყენებაში, ეს ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბანკთაშორის ბაზარზე. ვფიქრობ, ეროვნულ ბანკს ბევრი სხვა პრობლემა აქვს გადასაწყვეტი, მათ შორის ამ მიმართულებითაც, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ბანკთაშორისი ბაზრის ლიკვიდურობის გაზრდას გულისხმობს. აღარაფერს ვამბობ ფულის მასის მართვაზე, რაც დამატებით წნეხს ზრდის ლარზე და ეროვნული ბანკი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. უმჯობესია, მიხედოს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას, ხოლო ციფრული ფულის გამოშვების შესახებ განცხადება უფრო შესაძლო ინიციატივის იმიტაცია მგონია".

წყარო: „კვირის პალიტრა"

ემა ტუხიაშვილი