რუსეთი ბენზინის ექსპორტზე 3-თვიანი შეზღუდვის საკითხს განიხილავს

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ნიკოლაი შულგინოვი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მინისტრთა კაბინეტი ფედერალური მთავრობის დადგენილების პროექტს განიხილავს, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში რუსული ბენზინის ექსპორტის შეზღუდვას ეხება.

„შესაბამისი დოკუმენტები უკვე მთავრობაშია და მაისის სადღესასწაულო დღეების შემდეგ განვიხილავთ. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ ზომას მხოლოდ ექსტრემალური აუცილებლობის შემთხვევაში მივმართავთ,“ - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.

29 აპრილს რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც ნავთობპროდუქტების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანას ეხებოდა. პროექტის მიხედვით, ასეთი პროდუქტები „არსებითად მნიშვნელოვანია რუსეთის შიდა ბაზრისთვის და მათ ექსპორტზე აუცილებლობის შემთხვევაში დროებითი შეზღუდვები ან სრული აკრძალვა დაწესდება.“ ამ სიაში 13 სახეობის ნავთობროდუქტი სახელდება, რომელშიც 80, 92, 95 და 98 ბრენდის საავტომობილო ბენზინი და მსუბუქი დისტილატები იგულისხმება. როგორც ჩანს, სავარაუდო შეზღუდვები ან აკრძალვა რუსული დიზელის ექსპორტს არ შეეხება. პროექტის მიხედვით, საწვავის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესება 3 თვის ვადით განიხილება.

საექსპორტო შეზღუდვების იდეა პირველად ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკმა გაახმოვანა. ის ამბობდა, რომ ეს დროებითი ზომა იქნება. რუსეთის მთავრობა ნავთობკომპანიებს საწვავის ქვეყნიდან გატანის შეზღუდვით ჯერ კიდევ 2018 წელს ემუქრებოდა, თუკი ისინი ქვეყნის შიგნით მიწოდებას არ გაზრდიდნენ. თუმცა მაშინ საკითხი ღიად დარჩა.

ნავთობპროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვების ან აკრძალვის დაწესებით, ფერელური მთავრობა ცდილობს, არ დაუშვას რუსეთის შიდა ბაზარზე საწვავის ფასების ზრდა. დადგენილების პროექტის საჯარო განხილვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 28 მაისია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ