ილონ მასკის SpaceX-ის მთვარის მისია კრიპტოვალუტა Dogecoin-ით დაფინანსდება

ილონ მასკის კომერციული სარაკეტო კომპანია SpaceX 2022 წლისთვის მთვარეზე თანამგზავრის გაშვებას გეგმავს, რომლის კონტრაქტიც სრულად ციფრული ვალუტა Dogecoin-ით დაფინანსდება. ამის შესახებ მასკმა ტვიტერში დაწერა.

თანამგზავრი სახელწოდებით „DOGE-1 მისია მთვარეზე“ კანადური კომპანია Geometric Energy Corporation (GEC)-ს ეკუთვნის. კომპანიის ვებგვერდზე წერია, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში თანამგზავრი მთვარეზე რაკეტმზიდ Falcon 9-ის საშუალებით გაეშვება. 40-კილოგრამიანი აპარატი მთვარის ორბიტაზე განთავსდება და სენსორებისა და კამერების დახმარებით ინფორმაციას მოაგროვებს. კონტრაქტის საფასურის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„Dogecoin-ით ასეთი მასშტაბის შეთანხმების დაფინანსება კოსმოსური მიმართულებით Geometric Energy Corporation-ისა და SpaceX-ის თანამშრომლობას აძლიერებს,“ - წერია GEC-ის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აპრილში ილონ მასკი თავის მიკრობლოგში წერდა, რომ Dogecoin-ს მთვარეზე პირდაპირი მნიშვნელობით გააგზავნიდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა. მისი განცხადების შემდეგ ამ კრიპტოვალუტის ფასი მაშინ 30%-ით, 0,50-დან 0,58 დოლარამდე გაიზარდა. კრიპტოგრაფიკული მონაცემების შემგროვებელი სისტემა CoinGecko.com-ის ინფორმაციით, ბოლო თვეში Dogecoin-ის ფასი 800%-ზე მეტად გაიზარდა და 73 მლრდ დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით, მეოთხე ციფრული ვალუტა გახდა. გასული კვირის ხუთშაბათს მისმა ფასმა რეკორდულ ზღვარს, 0,73 დოლარს გადააჭარბა.

კოკა კვირკველია