მოსახლეობას შეშის ყიდვა „საქმიან ეზოებში" მოუწევს - მთავრობამ ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ მიიღო

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ მიიღეს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული კანონქვემდებარე აქტი სრულ შესაბამისობაშია 2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი „ტყის კოდექსით” დადგენილ ტყის მდგრადი მართვის პრინციპებთან.

ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ ადგენს ტყით მდგრადი მართვისა და სარგებლობის სამართლებრივ მექანიზმებს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ტყეების რესურსებით მდგრად სარგებლობას ტყის ეკოლოგიური ღირებულებებისა და მახასიათებლების გაუმჯობესების, დაცვისა და შენარჩუნების პირობებში. მოსახლეობისთვის, საჯარო და ბიზნეს სექტორისთვის გაუმჯობესდება ხელმისაწვდომობა ტყის რესურსებზე - როგორც მერქნული (სამასალე, შეშა), ისე არამერქნული და, ასევე, ხე-ტყის ნარჩენის სახით, რომელიც აქტიურად გამოიყენება ალტერნატიული და ეკოლოგიური ენერგიის წყაროების საწარმოებლად (ბრიკეტები, პელეტები) და მნიშვნელოვანი რგოლია ტყეზე ზეწოლის შემცირებისთვის. გარდა ამისა, ტყის რესურსებზე წვდომა დაეფუძნება სრულიად ღია და გამჭვირვალე პროცესს - საშეშე და სამასალე მერქანის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ, შესაბამისი წესით დაახარისხებენ და განათავსებენ დასაწყობების ადგილებზე, ე.წ. „საქმიანი ეზოებში, რომლებიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს. ტყის რესურსების რეალიზაცია მოხდება როგორც აუქციონის წესით (ძირითადად, მაღალი ხარისხის, ე.წ. სამასალე მერქანი), ისე პირდაპირი მიყიდვის გზით (შეშა და ხე-ტყის ნარჩენი).

„განსაკუთრებით აღსანიშნავია „ტყითსარგებლობის წესით“ დადგენილი სპეციალური ტყითსარგებლობის სახეები - ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება. ახალი „ტყითსარგებლობის წესის” მიღებამდე, ასეთი რესურსებით სარგებლობა კომერციული მიზნებისთვის აკრძალული იყო.

ახალმა კანონმა და წესმა, ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახადა ასეთი რესურსის კომერციალიზაცია; ასევე, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის და მისი უნიკალური ველური ბუნების ეკოტურისტულ პოტენციალს და შესაძლებელს გახდის, რომ სარეკრეაციო-ტურისტული საქმიანობები განხორციელდეს არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების ფარგლებში, არამედ საქართველოს ტყის ყველა ნაწილში.

მთავრობის მიერ მიღებული ახალი „ტყითსარგებლობის წესი” პრაქტიკაში ამკვიდრებს ტყის კოდექსით დადგენილ პრინციპებს და ჩვენ მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ტყის რესურსებით მდგრადად ისარგებლონ მრავალფუნქციური მიმართულებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.