ხალხი ოქროს ვეღარ ყიდულობს, რაც აქვთ იმასაც ყიდიან - როგორ აისახა პანდემია ოქროს ქართულ ბაზარზე

მსოფლიოში ოქრო ისევ ძვირდება. უნციის ფასმა 1 830 დოლარს უკვე გადააჭარბა.

როგორ აისახება ფასის ცვლილება ქართულ ბაზარზე და ოქროს რომელ ნაკეთობებს ყიდიან და ყიდულობენ მოქალაქეები პანდემიის პირობებში, ,,ბიზნესპრენიუსი“ ოქროს ბირჟაზე და ოქროთი ონლაინმოვაჭრეებს ესაუბრა.

მოვაჭრეების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ოქროს ღირებულება ხშირად იცვლება, ფასს ვერ ზრდიან, რადგან მყიდველი ისედაც ცოტაა. მათივე თქმით, ხალხი ოქროს ვეღარ ყიდულობს, რაც აქვთ იმასაც ყიდიან.

რაც შეეხება ფასებს, გასული წლის დასაწყისიდან ერთი გრამი ოქრო დაახლოებით 25-35 ლარით გაძვირდა. მოვაჭრეების თქმით, დღეს 583 სინჯის გრამი ოქრო ფასი 108-110 ლარია, 999 სინჯის ერთი გრამის ღირებულება კი 195-200 ლარი.

"ადრე ოქროს საჩუქრის ფუნქციაც ჰქონდა, მაგრამ პანდემიის დროს არც წვეულებებია და არც საჩუქრად ყიდულობენ ოქროს, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა. მოთხოვნა საქორწინო ბეჭდებზეც შემცირდა. ასეთი კრიზისი არ მახსოვს, ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. საშუალო ფენა ოქროს ვეღარ ყიდულობს. ვინც მოასწრო და ოქროულობა გაძვირებამდე იყიდა, ახლა გაჭირვების გამო თავად ყიდის. ისინი კი, ვისაც კვლავ შეუძლია ოქროს შეძენა, ჩვენთან ოქროს ბირჟაზე კი არა, ძვირადღირებულ მაღაზიებში ყიდულობენ ნაკეთობებს და სამკაულებს", - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

თითქმის ანალოგიურ სიტუაციში არიან სხვა მოვაჭრეებიც. ამბობენ, რომ პანდემიამ მათი ბიზნესი ფაქტობრივად, გააჩერა.

გარდა ოქროს ბირჟისა, ძვირფასი ლითონის სამკაულების შეძენა ონლაინ-სივრცეშიც არის შესაძლებელი, რამაც პანდემიამაც შეუწყო ხელი. ნინო ჩიხლაძე ოქროს ბირჟაზე ვაჭრობს და პარალელურად, პირველი ლოქდაუნის დროს სოციალურ ქსელში გვერდი შექმნა. მისი თქმით, სწორედ ამ გვერდის საშუალებით ახდენს პროდუქციის ძირითადი ნაწილის რეალიზაციას.

,,პირველი ლოქდაუნის შემდეგ, პირიქით, მოთხოვნა გაზრდილიც კი იყო, მეორე ლოქდაუნის ანუ ოქტომბრის მერე კი ბაზარი ფაქტობრივად, გაჩერებულია. ჩვენს ბიზნესს, სეზონურობა ახასიათებს და ერთის მხრივ ესეცაა მიზეზი. თუმცა, ახლა მარხვის დასრულების შემდეგ, რადგან ქორწილები და დიდი წვეულებები აკრძალულია, არ ველოდებით, რომ ბაზარი გამოცოცხლდება.

მე ოქროს ბირჟაზეც ვვაჭრობ და ონლაინ გვერდიც მაქვს. არსად არ ხდება რეალიზაცია კარგი ტემპით, მაგრამ რასაც ვყიდი, იმასაც საიტის საშუალებით“- განაცხადა ჩიხელაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი