"ჯორჯიან ეარვეიზის" თანამშრომლების აქციას ქართული ტურისტული კომპანიები შეუერთდნენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან "ჯორჯიან ეარვეიზის" თანამშრომლების საპროტესტო აქციას, ქართული ტურისტული კომპანიებიც შეუერთდნენ.

როგორც ტურისტული კომპანია "ოლ ტურსის" დამფუძნებელმა, მაია მჭედლიძემ განაცხადა, ისინი სოლიდარულები არიან იმ მოთხოვნების მიმართა, რაც "აირზენას" აქვს. მისივე თქმით, ქართული ტურისტული კომპანიები მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან არ არსებობს რეგულაციები, რომლებიც უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან კონკურენციის გაწევის საშუალებას იძლევა.

"ჩვენ ჩარტერებს ვაკეთებთ "აირზენას" მეშვეობით, ანუ ჩვენ ერთმანეთზე დამოკიდებულები ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრობლემები, რომლებიც გამოიხატება იმაში, რომ უცხოური ტურისტული კომპანიები ქართული ტურისტული კომპანიების ჩაყლაპვას ცდილობენ. ეგვიპტური და თურქული ავიაკომპანიები საქართველოში შემოდიან დემპინგური ფასებით, ისინი ძალიან დაბლა წევენ ფასებს და იძულებულს გვხდიან ჩვენც ასე მოვიქცეთ, რაც ჩვენი რესურსიდან გამომდინარე ქართულ ტურისტულ კომპანიებს ძალიან დიდი პრობლემას უქმნიან. მათი რესურსი კი, ძალიან დიდია და ამის საშუალება აქვთ. ისინი ცდილობენ მსგავსი მეთოდებით ჩაგვყლაპონ და ქართულ ტურისტულ ბაზარზე მხოლოდ ისინი დამკვიდრდნენ. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ რეგულაციებს, რომ ყველა თანაბარ პირობებში ვიმყოფებოდეთ და პირველ რიგში უპირატესობა მიენიჭოთ ქართულ კომპანიებს. ეს მოთხოვნები, რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს", - განაცხადა მჭედლიძემ.

"აირზენას" თანამშრომლების აქციაზე იმყოფებიან, საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.