ევროკავშირში 10 000 ევროზე მეტი თანხით ნაღდი ანგარიშსწორება აიკრძალება - EU ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პანევროპულ ორგანოს ქმნის

ევროკომისიამ შესაძლოა, 10 000 ევროზე მეტი თანხით ნაღდი ანგარიშსწორება აკრძალოს. ამის შესახებ ფინანსური მომსახურების საკითხთა ევროკომისარი მაირედ მაკგინესი გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, ეს დანაშაულებრივი გზით ნაშოვი ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფარგლებში მოხდება.

„ჩვენ ვამზადებთ 10 000 ევროზე ზედა ზღვრულ შეზღუდვებს. იოლი არ არის, ასეთი რაოდენობის თანხა გქონდეს ხელზე. ადამიანთა უმრავლესობა ასე არც იქცევა. ნაღდი ანგარიშსწორების თანხის ოდენობაზე შეზღუდვა ფულის გათეთრებასთან ბრძოლის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებში გაიწერება. ევროკომისია შეცვლილი კანონმდებლობის წარდგენას ივლისში გეგმავს,“ - აცხადებს მაკგინესი.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი-ქვეყნების მხარდაჭერით ევროკომისია გეგმავს, ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის უწყება შექმნას.

„ამ უწყებას ძლიერი უფლებამოსილება და მიმართულებები უნდა ჰქონდეს, რათა ზედამხედველობა გაუწიოს მსხვილი ბანკების მიერ ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პოლიტიკას,“ - აცხადებს ევროკომისარი.

ევროკომისიამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ განაცხადა, რომ შექმნის ახალ პანევროპულ მარეგულირებელ სამსახურს და ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის ფულის გათეთრებასთან ბრძოლის საერთო წესებს შეიმუშავებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ