ეროვნული ბანკის შემდეგ, სემეკი. ,,გირჩი“ კიდევ ერთი რეგულატორის გაუქმებას მოითხოვს - ამის შესახებ ,,გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, სემეკი ელექტროენერგეტიკის ბაზარს განვითარებაში უშლის ხელს.
,,ნამოხვან ჰესი და ანაკლიის პორტი ინვესტიციების მიმართ კარგი ინდიკატორია. საბოლოო ჯამში, იქამდე მივდივართ, რომ ჰესის მშენებლობისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს პოლიტიკური ურთიერთობა მთავრობებთან, რაც თავისთავად ინვესტორისათვის ძალიან ცუდი მესიჯია. ელექტროენერგეტიკა კი ისეთი სექტორია, სადაც ბიზნესი რთულად მუშაობს. გვყავს რეგულატორი სემეკის სახით და ამან გამოიწვია ის, რომ პროცესი აღარაა გამჭვირვალე და სექტორი არ მუშაობს როგორც ბიზნესი, ჩნდება კონფლიქტები და პოლიტიზებული პროცესი.
როგორც კი ეროვნული ბანკი აღარ იქნება უპასუხისმგებლო მონეტარული პოლიტიკის წყარო, ჩემი მეორე მიზანი იქნება სემეკი, რომელიც ამ შემთხვევაში საერთოდ ზედმეტი რეგულატორია. ფასების რეგულაცია 2021 საუკუნეში არასერიოზულად გამოიყურება. ელექტროენერგეტიკა ჩვეულებრივი ბიზნესია. ეს შეიძლება მეოცე საუკუნეში ყოფილიყო გამორჩეული ბიზნესი და საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი ხედვებით აღვიქვამთ დღემდე. მე ვთვლი, რომ სემეკი საერთოდ არ გვჭირდება.
ნებისმიერ ადამიანს დავუჯდები დებატებში, რომელიც მეტყვის, რომ სემეკმა ფასები უნდა არეგულიროს. GWP რომ ყველა თბილისელის პრობლემაა, ეს ხომ სემეკის პირდაპირი დამსახურებაა? ასევეა ელექტროენერგეტიკაც, რომელსაც აქვს პოტენციალი, იმუშაოს როგორც ბიზნესმა და თავად იყოს ინვესტიციების წყარო, რაც დღეს ვერ ხდება“- ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
ცნობისთვის, ,,გირჩმა“ ეროვნული ბანკის გაუქმება აქცია-ლექციით უკვე მოითხოვა.