საქართველო საერთაშორისო სატრანსპორტო შეთანხმების წევრი გახდა

საქართველოს პარლამენტმა საერთაშორისო შეთანხმების "სატრანსპორტო საშუალებების რეგულირების შესახებ" რატიფიკაცია მოახდინა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებაზე შეერთების შედეგად, საქართველოს მიეცა შესაძლებლობა მის ტერიტორიაზე წარმოებული თვლიანი სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები, მისაბმელები, ავტობუსები, მოტოციკლები და სხვა თვითმავალი მანქანები და მექანიზმები და მათი სათადარიგო ნაწილები ავტომატურად იქნეს აღიარებული შეთანხმების წევრი 48 ქვეყნის მიერ. გარდა ამისა, საქართველოს ექნება უფლება, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და მათ მისაბმელებს, მიანიჭოს საიდენტიფიკაციო 17 ციფრიანი კოდი და ჩაერთოს ერთიან მონაცემთა სისტემაში და ჰქონდეს შესაბამის ერთიან ინფორმაციაზე სრული წვდომა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საქართველოში ავტომობილების წარმოება არ ხორციელდება, რამდენიმე კომპანიამ უკვე გამოთქვა სურვილი, საქართველოში დაიწყოს აღნიშნული პროდუქციის წარმოება, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის.

შეთანხმებაზე შეერთების შემდეგ, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს (შსს-ს მომსახურების სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, სსიპ "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო" და სხვა), რომლებსაც ესაჭიროებათ ოფიციალური ტექნიკური პარამეტრები და მონაცემები ავტოსატრანსპორტო საშულებების თაობაზე, ექნებათ სრული წვდომა აღნიშნულ ინფორმაციასთან, რაც დღეისათვის საკმაოდ პრობლემატურია.