მსოფლიო „ინფლაციური შოკის“ საფრთხის წინაშეა - Bloomberg-ის სტატისტიკით ნედლეულზე ფასების ზრდამ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

Bloomberg -ის მონაცემებით, ნედლეული საბაზისო საქონლის ფასების ინდიკატორი ბოლო 12 თვის განმავლობაში 62%-ით გაიზარდა. ამ საბაზისო საქონელში შედის როგორც ენერგომატარებლები და ლითონი, ისე ხე-ტყის მასალა და სურსათი. ფასების ინდიკატორის ასეთი ზრდა რეკორდული მაჩვენებელია და 1980 წლის იანვრის შემდეგ არ მომხდარა.

რკინის საბადოს ფიუჩერსები კვირაში 12%-ით, წელიწადში კი 128%-ით გაიზარდა და ტონაზე 200-ზე მეტი დოლარის ისტორიული რეკორდის ნიშნულს გასცდა.

სპილენძი კვირაში 6,6%-ით, წელიწადში კი 102 %-ით გაძვირდა და ისტორიაში პირველად მიაღწია ტონაზე 10 776 დოლარს.

ჩიკაგოში ხე-ტყის მასალის ფიუჩერსებმა კვირაში 12%-ით მოიმატა, წლიურად კი 400%-ით გაიზარდა.

კვირაში 11%-ით გაიზარდა ყავის ფასიც, ბამბა კი 2,2%-ით გაძვირდა.

საბაზისო საკვებ პროდუქტებზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფასების ინდექსი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 30,8%-ით არის გაზრდილი. ასეთი „ნახტომი“ 2011 წლის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკას ჯერ არ განუცდია. ბოლო 12 თვის განმავლობაში ხორბლის ფასი 26%-ით გაიზარდა, სიმინდი 66%-ით, შაქარი - 60%-ით, რძის პროდუქტები - 24%-ით გაძვირდა, მცენარეული ზეთების ფასი კი გაორმაგდა.

ნედლეულის საინვესტიციო კომპანია BlackRock-ის ხელმძღვანელ ივი ხამბროს შეფასებით, მართალია, ბაზრებზე ფასების რბოლამ ბოლო 4 ათწლეულში არნახულ მასშტაბს მიაღწია, მაგრამ ეს ფასების „ჭერი“ ჯერ არ არის. მისი თქმით, „ბაზრები უმაღლესი ზღვარის ტესტირებას ეწევიან, რომ გაიგონ, თუ როგორი იქნება ფასების დიაპაზონი.“

JPMorgan-ის გლობალური ბაზრების მთავარი სტრატეგი მარკო კოლანოვიჩი პროგნოზირებს, რომ ნედლეულზე ფასების ზრდა მსოფლიო ეკონომიკას სრულფასოვანი „ინფლაციური შოკის“ საფრთხის წინაშე აყენებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ