მიწოდების ჯაჭვის რომელ რგოლში შეიძლება გაფუჭდეს პროდუქტი, ვიდრე თქვენამდე მოვა?

ალბათ, სოციალურ ქსელსა და თემატურ ჯგუფებში არაერთხელ შეგხვედრიათ ფოტოები, სადაც იმედგაცრუებული მომხმარებლები გაფუჭებული ან უხარისხო პროდუქტის ფოტოებს დებენ და უმეტეს შემთხვევაში ნეგატიურ ემოციას მარკეტების მიმართ გამოხატავენ ხოლმე, რაც რეალურად არასწორია.

მომხმარებლამდე ხარისხიანი პროდუქტი რომ მივიდეს, ჯაჭვის სამი ძირითადი რგოლის დაცვაა საჭირო. ესენია: მწარმოებელი, დისტრიბუცია და საცალო მოვაჭრე. ხარისხზე თითოეული მათგანი თანაბრად არის პასუხისმგებელი და უკმაყოფილების შემთხვევაში მხოლოდ საცალო მოვაჭრის დადანაშაულება არასწორი პრაქტიკაა. საკითხში უფრო კარგად გასარკვევად, გთავაზობთ ჯაჭვს, რომელსაც პროდუქტი გადის მომხმარებლის სახლამდე და სტანდარტებს, რომელსაც ჯაჭვის თითოეული რგოლი უნდა აკმაყოფილებდეს.

წარმოება

წარმოების რგოლში პროდუქციის ხარისხის კონტროლი მეტ-ნაკლებად მაღალ დონეზე ხდება. არსებობს რამდენიმე საერთაშორისო სტანდარტი, რომლის დამაკმაყოფილებელ სერტიფიკატებსაც ქართული საწარმოების გარკვეული ნაწილი ფლობს. ზოგადი ნორმები, რომელსაც საკვები პროდუქტების საწარმოები უნდა აკმაყოფილებდეს, ასე გამოიყურება: ჰიგიენის ნორმები, ნედლეულის ხარისხის კონტროლი, მაღალკვალიფიციური პერსონალი, საწარმოში ტემპერატურული კონტროლი, ნედლეულის ვადების უმკაცრესი კონტროლი, წარმოების ჯაჭვის თანმიმდევრული განხორციელება, პროდუქციის მახასიათებლების მიხედვით ოპტიმალური შეფუთვა, წარმოების დროს მუდმივი მონიტორინგი და ნაწარმის ტესტირება.

ritail2-1620721335.png

დისტრიბუცია

დისტრიბუცია პროდუქტის წარმოებიდან მომხმარებლამდე მიწოდების ჯაჭვის ის რგოლია, რომელსაც ხშირად სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, რეალურად კი, პროდუქციის ხარისხის დაცვის პროცესში საცალო რეალიზატორზე არანაკლები როლი აკისრია. დისტრიბუცია - ეს არის გზა საწარმოდან სუპერმარკეტამდე, თუმცა თუ უფრო ზუსტ დეფინიციას გავაკეთებთ, დისტრიბუცია, უმეტეს შემთხვევაში, არის გზა საწარმოდან სუპერმარკეტამდე, შემდეგ მეორე სუპერმარკეტამდე, მესამემდე, მეოთხემდე და ა.შ. საბოლოოდ პროდუქტი დანიშნულების პუნქტამდე შეიძლება დღის ბოლოს მივიდეს. წარმოიდგინეთ, ამ პროცესში რამდენჯერ იღება დისტრიბუციის მანქანის კარი და რამდენჯერ ხდება პროდუქტის ტემპერატურის ცვლილება, თუ სტანდარტი სათანადოდ არ არის დაცული. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია მაქსიმალურად იყოს დაცული დისტრიბუციის, პროდუქციის გადაადგილების წესები. მაგალითად, გაყინული პროდუქტის მიწოდება მოხდეს სპეციალური მაცივრიანი მანქანებით. ტემპერატურის მკაცრი კონტროლი სჭირდება რძის ნაწარმს, ხორცპროდუქტს, შოკოლადს... მალფუჭებადი პროდუქციის 1-2 საათით არასათანადო ტემპერატურულ გარემოში ყოფნამაც კი შეიძლება სრულად არ გააფუჭოს ის, მაგრამ გემო შეუცვალოს. ეს კი, რა თქმა უნდა, არასასურველი შედეგია და მომხმარებლების დასაბუთებულ უკმაყოფილებას იწვევს. სწორედ ამიტომ, დისტრიბუციის გზა უნდა იყოს მაქსიმალურად მოკლე, რომ პროდუქტი სწრაფად მივიდეს სუპერმარკეტამდე და სრულად უნდა იყოს დაცული კონკრეტული პროდუქტის შენახვის წესები, როგორც ეს საწარმოსა და მაღაზიაში ხდება.

სასურსათო საცალო რეალიზაცია

საცალო რეალიზატორი შეიძლება იყოს როგორც ქსელური მარკეტი, ისე უბნის მაღაზია. როგორც წესი, სტანდარტების დაცვა ქსელურ სუპერმარკეტებში უფრო მაღალ დონეზე ხდება, ვიდრე პატარა მაღაზიებში. ქსელური მარკეტების ხარისხის კონტროლის მექანიზმი ბევრად უფრო დახვეწილი და გამართულია. მათთვის არსებობს ერთიანი სტანდარტი, რომელსაც ქსელის ყველა მაღაზია თანაბრად იცავს. კონტროლის პროცესიც უკეთესად იმართება. ცალკეულ მაღაზიებში კი სრულად მფლობელის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული დაიცავს თუ არა ის წესებს, აკონტროლებს თუ არა ტემპერატურას, ვადებს, ხარისხს... პროდუქციის ხარისხის კონტროლის მიზნით საცალო მოვაჭრეებმა აუცილებლად უნდა აკონტროლონ ვადები, პროდუქცია შესაბამის ტემპერატურულ გარემოში შეინახონ, არ გააკეთონ არასაჭირო მარაგები, რომ მუდმივად ახალი პროდუქტი ჰქონდეთ, დაიცვან ჰიგიენის ნორმები.

სასურსათო ქსელური მაღაზიების შემთხვევაში პროდუქციის მიღების დროს აუცილებლად ხდება მისი ორგანოლეპტიკურად შემოწმება. ეს გულისხმობს ფერის, სუნის, გემოსა და კონსისტენციის შემოწმებას. შემოწმების გავლის შემდეგ ხდება პროდუქციის დასაწყობება შესაბამის ტემპერატურულ გარემოში თაროზე ან მაცივრის დახლზე, FIFO-ს მეთოდის დაცვა. საბოლოოდ, ის მომხმარებელს მიეწოდება.

თუ მომხმარებელმა მაღაზიაში შეიძინა, პირობითად, ხაჭო და ის დაობებული აღმოჩნდა, აგრესიის მხოლოდ სასურსათო მარკეტებზე მიმართვა არასწორია. შეფუთული პროდუქტი მიღების დროს ორგანოლეპტიკურ შემოწმებას ვერ გადის, ამიტომ არასამართლიანია მომხმარებელმა აღნიშნულში ცალსახად მაღაზია დაადანაშაულოს. თუ გადამოწმება მოხდება და დადასტურდება, რომ პროდუქტი მაღაზიაში სათანადო ტემპერატურაზე ინახებოდა, მაშინ მიწოდების ჯაჭვის დარჩენილი რგოლების შესწავლა უნდა მოხდეს, უნდა გადამოწმდეს რა პირობებში მოხდა დისტრიბუცია და სტანდარტები რამდენად მაღალ დონეზე იყო დაცული წარმოების დროს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაობებული პროდუქტი უბრუნდება მწარმოებელს, როგორც დეფექტური, რაც, ასევე, ადასტურებს, რომ გაფუჭებული სურსათის შეძენის დროს მხოლოდ საცალო რეალიზატორის დადანაშაულება არასწორი პრაქტიკაა.

თუ ჯაჭვის სამივე რგოლი დაცული იქნება, პროდუქტი თქვენს სახლამდე აუცილებლად საღი და ხარისხიანი მოვა.