100-დან 51-მა კომპანიამ დირექტორებს ხელფასები გაუზარდა, თანამშრომლებს კი შეუმცირა - Reuters

აშშ-ს პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, გასულ წელს მსოფლიოს 100 ცნობილი კომპანიიდან 51-მა თანამშრომელთა საშუალო ხელფასი 2%-ით, საშუალოდ 28 187 დოლარამდე შეამცირა, ხოლო მათი გენერალური დირექტორების საშუალო კომპენსაცია 29%-ით, 15,3 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტი მემარცხენე პოლიტიკოსებს აერთიანებს და მათი ანგარიშის მონაცემებს სააგენტო Reuters ავრცელებს. ამ კომპანიებს S&P 500 საფონდო ინდექსი აერთიანებს და მათ სიას Standard & Poor’s ადგენს. S&P 500 ინდექსის კალათაში აშშ-ს საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე 505 რჩეული საჯარო კომპანიაა, რომლებიც უდიდესი კაპიტალიზაციით გამოირჩევიან. აქედან პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტის ობიექტს ის 100 კომპანია წარმოადგენდა, სადაც ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასებია და რომლის ნახევარზე მეტმა კოვიდპანდემიის წელს გენერალური დირექტორის ხელფასი გაზარდა. ასეთ კომპანიებს შორისაა Coca-Cola, საკრუიზო ხომალდების ოპერატორი Carnival Corp და სწრაფი კვების კორპორაცია Yum Brands, რომელშიც KFC-ის რესტორნების ქსელი შედის. ანგარიშში წერია, რომ კომპანიებმა ხელმძღვანელების ბონუსების ოდენობა ეფექტიანობის მიზნობრივი მაჩვენებლების ხარჯზე გაზარდეს, რაც პანდემიურ 2020 წელს ამ მაჩვენებლი წესების ცვლილებას ნიშნავს.

საპასუხო ელექტრონულ წერილში Carnival-ის წარმომადგენელი წერს, რომ კომპანიის გენერალურ დირექტორ არნოლდ დონალდს 2020 წელს ფულადი ბონუსი არ მიუღია, ხოლო მისი შარშანდელი მთლიანი კომპენსაცია, 2019 წელთან შედარებით, 29%-ით შემცირდა. Coca-Cola-ს წარმომადგენელმა, ასევე, განაცხადა, რომ ხელმძღვანელების გარდა, სპეციალური პრემია კომპანიის 1000-მდე თანამშრომელმა მიიღო.

ანგარიშის თანაავტორი სარა ანდერსონი აცხადებს, რომ კომპანიებს, რომლებიც გენერალური დირექტორისა და საშუალო თანამშრომლის ხელფასების თანაფარდობის ყველაზე დიდი სხვაობით გამოირჩევიან, მაღალი გადასახადები უნდა დაუწესდეთ. მისი თქმით, 51 კომპანიაში გენერალური დირექტორისა და საშუალო თანამშრომლის ხელფასთა თანაფარდობა 830:1-ია.

ანგარიშის მიხედვით, კვების კორპორაცია Yum Brands-ის მმართველობამ საბონუსო პროგრამების დისკრეციული კორექტირების სანქცირება მოახდინა. ამის შედეგად გენერალურმა დირექტორმა დევიდ გიბსმა 1,4 მლნ დოლარის ოდენობის პრემია მიიღო. მან, ასევე, მიიღო 882 127 აშშ დოლარის ერთჯერადი საფონდო ჯილდო და 2020 წელს მისმა მთლიანმა კომპენსაციამ 14,6 მლნ დოლარი შეადგინა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კომპენსაციის გაზრდა შესაბამისობაში იყო დევიდ გიბსის მუშაობასთან, რადგან მან ბიზნესი დაასტაბილურა და პანდემიის შემდგომი პერიოდის წარმატებებისთვის შეამზადა.

„დევიდ გიბსმა თავის საბაზისო ხელფასზე უარი თქვა და ეს თანხა 1200 რესტორნის გენერალური მენეჯერების ერთჯერადი 1000-დოლარიანი ბონუსების დასაფინანსებლად გამოიყენა. კომპანიამ, ასვე, დაარიგა ბონუსები რესტორნების გუნდის წევრებზე მთელ მსოფლიოში. სწრაფი კვების რესტორნების ქსელ KFC-ში არასრული სამუშაო დღის ანუ საშუალო თანამშრომლის მთლიანი კომპენსაციის ოდენობამ 11 377 დოლარი შეადგინა,“ - ნათქვამია კორპორაცია Yum Brands-ის განცხადებაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ