„ფასი სამწუხაროდ, გაიზრდება“ - საქართველოში საწვავის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა

„ისტორიულად ეს არის ყველაზე მაღალი ფასები, რაც კი საქართველოში ყოფილა საწვავთან მიმართებით“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამას განაპირობებს სამი ფაქტორი, კერძოდ, საერთაშორისო ფასები, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით და სახელმწიფო გადასახადები. თუმცა, როგორც ვანო მთვრალაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე ტენდენციები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა და საწვავის ფასი, სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს.

„რა თქმა უნდა, ვითარება საკმაოდ რთულია, არაორდინალური. როგორც უკვე აღინიშნა, საწვავზე 3-ლარიანი ნიშნულის გადალახვა მოხდა, სუპერის ტიპის ბენზინის ფასზე. აქვე გეტყვით, რომ მისი მოხმარება, მთლიანი საწვავის სტრუქტურაში არის დაახლოებით, 1-დან - 2%-მდე. პრემიუმის საწვავის ფასიც, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის, 3-ლარიან ნიშნულთან არის მისული, 2,90-2,95 ლარი ღირს და პრინციპში, შესაძლებელია, ამ კატეგორიის საწვავის ფასიც რაღაც დროის შემდეგ, 3-ლარიან ნიშნულს მიუახლოვდეს. რაც შეეხება რეგულარის ტიპის საწვავს, რომლის მოხმარებაც ყველაზე დიდია, მის ფასსაც ბევრი აღარც აკლია 3 ლარამდე. თუმცა, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ 3-ლარიან ნიშნულამდე არ მივა.

ისტორიულად ეს არის ყველაზე მაღალი ფასები, რაც კი საქართველოში ყოფილა საწვავთან მიმართებით . ამ შემთხვევაში პირველი ფაქტორი, რაც განაპირობებს საწავავის ფასის ცვლილებას, ეს არის საერთაშორისო ფასი პლატცის მიხედვით. დღეს, 1 ტონა ბენზინი საშუალოდ (მაისის თვეს თუ განვიხილავთ), არის სადღაც, 655 დოლარი, რაც გაზრდილი ფასია, წინა პერიოდთან შედარებით. მეორეა, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით. ეს არის ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც საბოლოოდ ასეთ მაღალ ფასებს განაპირობებს. იმიტომ, რომ პლატცის ასეთი ფასები, ადრეც ყოფილა, უფრო მეტიც, 1000 დოლარიან ნიშნულზეც კი ყოფილა, მაგრამ დღეს ლარის გაცვლითი კურსი 3,45-ზეა. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ბოლო ერთი კვირა სტაბილურია თუმცა, სტაბილურად მაღალი მაჩვენებელია. და კიდევ ერთი ფაქტორი, ეს არის გადასახადები. იმიტომ, რომ 2017 წელს ბენზინზე აქციზის გადასახადი გაორმაგდა და დიზელის შემთხვევაში 150 ლარიდან 400 ლარამდე ავიდა.

დღეს საქართველოში ბენზინი შემოდის ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან და თურქმენეთიდან. თურქმენეთიდან ყველაზე კარგი ფასით შემოდის და თბილისში მოტანილი პროდუქტი (თვითღირებულებაზეა საუბარი), სადღაც 2,42 ლარი გამოდის. ამას შემდეგ ემატება სხვადასხვა სახის დანახარჯები, მათ შორის, საბითუმო მოგება, საცალო გაყიდვების მოგება და სხვა. დღეს არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურები ბენზინს ყიდიან 2, 45-2,50 ლარად.

ისინი პირდაპირ არიან საბითუმო ბაზარზე დამოკიდებული, მათ არ გააჩნიათ არანაირი მარაგები და როდესაც საბითუმო ფასი გაიზრდება, ისინიც იძულებული იქნებიან ფასი გაზარდონ. ამიტომ, ფასი სამწუხაროდ, გაიზრდება“- განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

მისი თქმით, თუ ლარი დაიწყებს გამყარებას, ეს საწვავის გაზრდილ ფასს დააკორექტირებს. თუმცა, ის ნიშნული, რომელზეც დღეს ეროვნული ვალუტაა, საწვავის ბაზარზე დადებით გავლენას ვერ იქონიებს.

„დღეს პროდუქტი არის თავიდან ბოლომდე იმპორტირებული. სულ რაღაც 1% არის ადგილობრივი წარმოების და ისიც, რა თქმა უნდა, მიჰყვება საერთაშორისო ტრენდს. შესაბამისად, ჩვენ გარე ფაქტორზე ვართ დამოკიდებული. მეორე ეს არის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით და აქ რა თქმა უნდა, რესურსი არსებობს. თუ ლარი დაიწყებს გამყარებას, ეს ვითარებას დააბალანსებს. იმიტომ, რომ ლარის გამყარება, ეს ამ გაზრდილ ფასს პირდაპირ დააკორექტირებს. თუმცა, ის დინამიკა, რომელიც დღეს არის ლართან მიმართებით, არ იქნება საკმარისი, საწვავის ფასის შესანარჩუნებლად. იმიტომ, რომ მაშინ ჩვენ 2-3-თვიანი ჭრილი უნდა განვიხილოთ, რა მოცულობით არის გაუფასურებული ლარი. ის, რომ 3,45-დან 3,43-ზეა ჩამოსული, ეს ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ ქმნის და შესაბამისად, ვერანაირი ხელშესახები გავლენა ვერ ექნება ბაზარზე.

რაც შეეხება მესამე საკითხს, როგორიც არის გადასახადები, თუ ამას შეამცირებენ, ეს რა თქმა უნდა, რაღაც დოზით ფასს შეამცირებს, თუმცა სახელმწიფო დაკარგავს გარანტირებულ სტაბილურ შემოსავალს და ამ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისთვის და სოციალური ფონისთვის, რომელი უფრო მისაღებია, ეს ცალკე განხილვის თემაა“,- განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

ნინი ქეთელაური