Amazon-მა მილიარდი დოლარის „მდგრადი“ ბონდები პირველად გამოსცა

ამერიკულმა ინტერნეტ-რიტეილერ Amazon-მა ეკოლოგიური და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად 1 მილიარდი დოლარის „მდგრადი“ ბონდები პირველად განათავსა. ამის შესახებ Dow Jones წერს.

ორწლიანი ბონდების შემოსავლიანობა წლიურ 0,257%-ს შეადგენს. ინვესტორების განცხადებამ მოლოდინებს გადააჭარბა. ბუქრანერებს შორის არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა Goldman Sachs Group, Bank of America, Wells Fargo & Co, Morgan Stanley, HSBC Holdings Plc, JPMorgan Chase & Co, Citigroup, Societe Generale, Deutsche Bank და TD Securities.

ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან შემოსული თანხა, მეტწილად, განახლებადი ენერგიის, ასევე, ხელმისაწვდომი სახლების პროექტებს, უმცირესობების სამომავლო დასაქმებასა და ტექნოლოგიის სექტორს მოხმარდება.

Amazon გეგმავს ნულოვან გამონაბოლქვს 2040 წლისთვის მიაღწიოს. ESG მაჩვენებლის მიხედვით, რიტეილერი საჯარო კომპანიებს შორის ონლაინ-ვაჭრობაში მე-18 ადგილზეა. ლიდერი კომპანია Ebay-ია.

„მწვანე ბონდებისგან“ განსხვავებით, „მყარი ბონდები“ დაკავშირებულია როგორც ეკოლოგიურ პროექტებთან, ასევე სოციალურ ინიციაიტივებთან. ამ ტიპის ფასიანი ქაღალდების პოპულარობა ბოლო წლებში განუხრელად იზრდება. ინვესტორები, რომლებსაც საკუთარი პორტფელის „მდგრადობის“ გაზრდა სურთ, ამ ტიპის ბონდების მიმართ, როგორც წესი, მაღალ ინტერესს ავლენენ.

ანალიტიკოსები „მდგრადი“ ბონდების ბაზრის ზრდას პროგნოზირებენ. პირველ კვარტალში ბაზრის მოცულობამ 2,2 ტრილიონ დოლარს მიაღწია და წლის ბოლომდე შესაძლოა, 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბოს.

BloombergNEF-ის მონაცემებით, კომპანიებმა და ხელისუფლებებმა 2020 წელს 732,1 მილიარდი დოლარის მდგრადი ობლიგაციები გამოსცეს, რაც შარშანდელზე 29%-ით მეტია.

კოკა კვირკველია