ტექნოლოგიური გიგანტების ახალი კოალიცია ჩიპების წარმოებისთვის კონგრესისგან 50 მლრდ დოლარის სუბსიდირებას ითხოვს

მსოფლიოში მიკროსქემების უმსხვილესი შემსყიდველები მიკროსქემების წამყვან მწარმოებლებს უერთდებიან და ლობისტთა ახალ ჯგუფს ქმნიან, რათა ჩიპების წარმოებისთვის სახელმწიფო სუბსიდირებას მიაღწიონ. Apple, Microsoft, Alphabet Google ისეთ მსხვილ მწარმოებელს შეუერთდნენ, როგორცაა კორპორაცია Intel. ისინი გაერთიანდნენ ახლადდაფუძნებულ კოალიციაში, სახელწოდებით „ნახევრადგამტარები ამერიკაში.“ კოალიციაში, ასევე, შესულია კომპანია Amazon. დღეს გავრცელებულ განცხადებაში კოალიცია კანონმდებლებს მიმართავს, დააფინანსონ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის აქტი „ჩიპები ამერიკისთვის“, რისთვისაც მან კონგრესისგან 50 მლრდ დოლარის გამოყოფა მოითხოვა.

„ჩიპების აქტის საიმედო დაფინანსებით ამერიკას გაუჩნდება დამატებითი პოტენციალი მიწოდების უფრო მყარი ჯაჭვის შესაქმნელად, რათა კრიტიკულად საჭირო ტექნოლოგიები გარანტირებულად იყვნენ იქ, სადაც ისინი დაგვჭირდება,“ - წერია განცხადებაში, რომელიც აშშ-ს ორივე პალატაში დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ლიდერებს დაეგზავნათ.

მიკროსქემების გლობალურმა დეფიციტმა ავტომწარმოებელ Ford Motor-საც მნიშვნელოვნად დაარტყა, რომელმაც განაცხადა, რომ მეორე კვარტალში წარმოება შესაძლოა, 2-ჯერ შეამციროს. მართალია, ავტომწარმოებელთა ჯგუფმა ქარხნებისთვის ჩიპების მიწოდების უზრუნველსაყოფად ბაიდენზე გავლენა იქონია, მაგრამ ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი უსაფრთხოების კანონის ჩიპების მიწოდებისთვის გამოყენებას თავს არიდებს, რადგან ამან შესაძლოა, სხვა ინდუსტრიები დააზიანოს.

ახალ კოალიციაში მიკროსქემების მომხმარებელი სხვა დარგის კომპანიებიც შედიან. ასეთია, მაგალითად, AT&T, Cisco Systems, General Electric, Hewlett Packard Enterprise და Verizon Communications. კოალიცია მთავრობას აფრთხილებს, რომ მხოლოდ ერთი ინდუსტრიის, მაგალითად, ავტოწარმობის დარგის მიმართულებით არ გააქტიურდეს. მართალია, ჩიპების დეფიციტს ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებსაც შეეხო, როგორიცაა, მაგალითად, Apple, მაგრამ ავტომწარმოებლებთან შედარებით, ისინი მიკროსქემების უკმარისობას ნაკლებად განიცდიან. გასულ თვეში iPhone-ის მწარმოებელმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვარტალში, რომელიც ივნისში მთავრდება, ჩიპების დეფიციტის გამო გაყიდვებში 3-დან 4 მლრდ დოლარს დაკარგავს. თუმცა ეს თანხა სულ რამდენიმე პროცენტია იმ 72,9 მლრდ დოლარის შემოსავლიდან, რომლესაც Refinitiv-ის ანალიტიკოსები Apple-ის მესამე ფინანსური კვარტლის გაყიდვებიდან მოელიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ