"ახალი პროექტების განხორციელება საშუალებას მოგვცემს განახლებული, ფუნქციებით გაზრდილი და ახალი შესაძლებლობებით სავსე კახეთი ვიხილოთ"

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში კახეთში ჩატარებული კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი მნიშვნელოვანი პროექტები ითვალისწინებს კულტურული და ისტორიული ძეგლების აღდგენა-განახლებას, საპარკო და სხვა რეკრეაციული ინფრასტრუქტურის და ფუნქციურად დატვირთული ობიექტების მოწყობას. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი საჯარო სივრცეები, რომლის ნაკლებობაც არის კახეთში, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ახალი პროექტების განხორციელება საშუალებას მოგვცემს განახლებული, ფუნქციებით გაზრდილი და ახალი შესაძლებლობებით სავსე კახეთი ვიხილოთ“.

ქარსელაძის თქმით, პროექტების განხორციელება, პირველ რიგში, ახალ შესაძლებლობას მისცემს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს კიდევ უფრო განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ პროცესში და მათთვის შემოსავლის ახალი წყაროები გაჩნდეს.

„რეალურად ჩვენ უკვე ნამდვილად განახლებული, ფუნქციებით გაზრდილი და ახალი შესაძლებლობებით სავსე კახეთი უნდა ვიხილოთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალი პროგრამის შედეგად განხორციელებული, განვითარებული და განახლებული არეალები ნამდვილად გამოიწვევს იმ დიდ მუხტს, რომელიც უკვე არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ პირველ რიგში სოციალურ-ეკონომიკური, ზოგადი ვითარების გაჯანსაღების, განახლების და ახალი შესაძლებლობების შეძენისთვის იქნება მიმართული“,-განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოში ტენდერები გუშინ გამოცხადდა და ზაფხულიდან, გეგმის მიხედვით, აქტიური სამუშაოები დაიწყება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა ქალაქ თელავში კახეთის რეგიონისთვის გაიმართა.

სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, კომისიამ შეარჩია ის არეალები, რომელთა ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარმოდგენა გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.

კომისიის სხდომები უკვე ჩატარდა დასავლეთ საქართველოში. მიმდინარე კვირაში კომისიები აღმოსავლეთ საქართველოში გაიმართება.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.