"ჯორჯია ეარვეიზი" საპროტესტო აქციას ხვალ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გააგრძელებს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან კომპანია "ჯორჯია ეარვეიზის" საპროტესტო აქცია დასრულდა.

კომპანია აქციას ხვალ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გააგრძელებს. ასევე კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ისინი ხვალ საღამოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პარალიზებას მოახდენენ.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, იასე ზაუტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში შემოჰყავთ 13 რუსული ავიაკომპანია, რითაც ქართულ-ნაციონალურ ავიაკომპანიას "აირზენას" ძალიან დიდი საფრთხე ადგება. "აირზენა" ერთადერთი კომპანიაა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ბოლომდე მუშაობდა, გადაჰყავდა დაჭრილები და ყველაფერს აკეთებდა, რაც სახელმწიფოს სჭირდებოდა. ყველა სხვა უცხოური კომპანია კი ომის დროს გაქრა. დღეს კი შემოჰყავთ იმ ქვეყნის კომპანიები, რომლის გამოც მოხდა ზუსტად 2008 წლის აგვისტოს ომი", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

მისივე თქმით, "აირზენას" 7-პუნქტიანი მოთხოვნები აქვს: სასწრაფოდ გაუქმდეს რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილი 8 ივლისის ნოტა, რომლითაც რუსეთის ავიაკომპანიებს მიენიჭათ შეუზღუდავი უფლება თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებზე; რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლა აღდგეს იმ პირობებით, რაც იყო ფრენების შეწყვეტამდე 2006 წლის ნოემბრამდე; რუსეთთან მოლაპარაკებები ჩატარდეს საქართველოში და განიხილონ მომავალი წლის ზაფხულის პერიოდის ფრენების განრიგი და რუსეთის სხვა ქალაქებში ფრენების შესაძლებლობა; დაუყოვნებლივ მიღებული იქნას გადაწყვეტილება ავიაციის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსგან გამოყოფის შესახებ და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ უწყებად, როგორც ეს მიღებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, რადგან ეკონომიკის სამინისტრო გახდა თავკომბალა და ის რეალურად ვერ ახდენს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც საავიაციო კომპანიებს აქვთ; სააგენტოდან გათავისუფლებული იქნეს წინა ხელისუფლების მიერ დანიშნული კადრები; სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დაკომპლექტდეს კვალიფიციური კადრებით; შეიცვალოს ის ნორმატიული აქტები, რაც მიღებული იქნა წინა ხელისუფლების მიერ და ეწინააღმდეგება ქართული ავიაკომპანიების ინტერესებს; სასწრაფოდ აღუდგეს "ჯორჯიან ეარვეიზს” ფლაგმანის სტატუსი, რომელიც უსაფუძვლოდ გააუქმა წინა ხელისუფლებამ.