მაუწყებლებს კომერციული რეკლამის განთავსებაზე შესაძლოა ახალი შეზღუდვები დაუწესდეთ

სატელევიზიო ეთერში სარეკლამო ჭრების დროითი მოცულობა შესაძლოა შეიზღუდოს და კანონის საფუძველზე შემცირდეს. იგეგმება საათობრივი ლიმიტირება.

რეკლამის რეგულაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესთავაზა, რომლის კანონპროექტის სახით ინიცირებას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი გეგმავს.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა ვახტანგ აბაშიძემ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა.  აბაშიძის განმარტებით, სადღეისოდ, თითოეულ მაუწყებელში სარეკლამო ბაზრის მოცულობა არის მაუწყებლობის 20%-ის ოდენობით, რაც თავის მხრივ, საათობრივი ზღვარით შემოფარგლული არ არის. აბაშიძის განმარტებით, ასეთ პირობებში არის შემთხვევები, როდესაც ე.წ. პრაიმ-ტაიმში - საღამოს საათებში სარეკლამო და მასთან ერთად სპონსორობის ბლოკი 32 წუთს შეადგენს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეფასებით, ამ შემთხვევაში გარკვეული პრობლემები თავად რეკლამის განმთავსებლისთვის იქმნება, რადგან რეკლამა თავის ეფექტს კარგავს. კერძოდ, როგორც ვახტანგ აბაშიძე განმარტავს, ანალიზი ცხადყოფს, რომ სარეკლამო ბლოკის ყოველი მესამე წუთის შემდეგ, რეკლამა მაყურებელთა მესამედს კარგავს. გარდა ამისა, აბაშიძის თქმით, მნიშვნელოვანია, თავად მაყურებლის ინტერესის გათვალისწინებაც.

როგორც პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ითქვა, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, 2015 წელს სარეკლამო ჭრა (სარეკლამო და სასპონსორო ბლოკი) იქნება არაუმეტესს 15 წუთი ერთი საათის განმავლობაში, რაც ერთ საათში ერთჯერადად არ განთავსდება და სამ-ოთხჯერ "გაიჭრება".

ვახტანგ აბაშიძის თქმით, 2016 წლიდან 12-წუთიანი სარეკლამო ბლოკი იქნება, ხოლო 2017 წლიდან გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, პარლამენტისთვის შეთავაზებული რეგულაციების მიღების შემთხვევაში, სატელევიზიო კომპანიებმა შესაძლოა რეკლამა რაოდენობრივად დაკარგონ, მაგრამ ეს მათ არ დააზარალებთ, რადგან როგორც აბაშიძე განმარტავს, ე.წ. პრაიმ-ტაიმში რეკლამის განთავსების საფასური გაძვირდება - 15-20%-ის ფარგლებში, რითაც კომპანიები დანაკლისის შევსებას შეძლებენ.

"მაუწყებლების აბსოლუტური უმრავლესობა კარგად ხვდება, რაზეა საუბარი. მათ აქვთ შენიშვნები, რომ აღნიშნული რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში შეიძლება გარკვეული შესამოსავლები დაკარგოს. შესაძლებელია "რუსთავი 2"-მა, "იმედმა", "მასტრომ" რეკლამის გარკვეული პროცენტი რაოდენობრივად დაკარგონ, მაგრამ შემოსავლების თვალსაზრისით ისინი თანხებს არ კარგავენ – თანხებს არა თუ არ დაკარგავენ, არამედ ჩვენი ვარაუდით, 2016 წლიდან მათი სარეკლამო შემოსავლები გაიზრდება", - განაცხადა აბაშიძემ.

როგორც კომიტეტის სხდომაზე, საკითხის განხილვისას აღინიშნა, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულება სატელეკომუნიკაციო და მედიასფეროში არსებულ დირექტივებთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციას გულისხმობს და ამ თვალსაზრისით გათვალისწინებულია ევროპული ქვეყნების პრაქტიკა.