დედაქალაქის მერია ფოტოხაფანგებს ყიდულობს. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 10 მაისს დასრულდა და ახლა შერჩევა/შეფასების პროცესი მიმდინარეობს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი - 75 ათასი ლარია.
კერძოდ, საუბარია, მუნიციპალური ინსპექციის სამსახურისთვის 30 ერთეული ფოტოხაფანგის შესყიდვაზე. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე მხოლოდ ერთი პრეტენდენტის შპს „მკს“-ს მიერ წარდგენილი წინადადება ჩანს. კომპანიის მიერ შეთავაზებული ობიექტი მოდელი კი - RECONYX/HL2X (HyperFire 2)-ია, რომლის ერთეულის ფასიც 2 500 ლარია.
აღსანიშნავია, რომ როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ფოტოხაფანგს უნდა ჰქონდეს, თითო გადაღებაზე 1-დან 10-სურათამდე (არჩევადი) გადაღების შესაძლებლობა (ან უკეთესი). ამასთან, გავრცელებული ინფორმაციითვე, ფოტოხაფანგებს მუნიციპალური ინსპექციის სამსახური გარემოს დაბინძურების გამოსავლენად გამოიყენებს.