მერაბ ლომინაძე - პრაქტიკულად ნულის ტოლია ის, რომ „ნამახვანი ჰესის“ კაშხალმა ვერ გაუძლოს სტიქიურ დარტყმებს

პრაქტიკულად ნულის ტოლია ის, რომ „ნამახვანი ჰესის“ კაშხალმა ვერ გაუძლოს სტიქიურ დარტყმებს, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნამახვანი ჰესის“ პროექტის პროცესში ჩართულია უცხოელი ექსპერტები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება. ამასთან, პროექტთან დაკავშირებით 49 სხვადასხვა კვლევა, უკვე ჩატარებულია.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად შესწავლილი პროექტი, რომლის მიხედვითაც ვახორციელებთ სამუშაოებს. ის კვლევები, რომელიც არის წარმოდგენილი, ჩვენ გვაძლევს იმის დარწმუნების საშუალებას, რომ ეს კაშხალი იქნება მდგრადი და გაუძლებს კატაკლიზმებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოდერაცია უნდა დაიწყოს უახლოეს ხანებში, დაახლოებით ორ კვირაში. ჩვენ ამ პროცესისათვის მზად ვართ. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.

ამ ეტაპზე კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით გადადებულია. დღეის მდგომარეობით საქართველოში, ამ დარგში 84 შეჩერებული პროექტია, საერთო საინვესტიციო ღირებულებით, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი. ეს ძალიან დიდი ციფრია, დიდი ინვესტიციაა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა კარგავს. მე მინდა მჯეროდეს, რომ ის პროტესტი, რომელიც ქვეყანაშია, არის გულწრფელი. ვფიქრობ ამ პროტესტს ხელი შეუწყო იმან, რომ ინფორმაციის ნაკლებობა იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი გულისწუხილი არ იქნა გაგონილი. ძალიან ბევრი ხმა არ იქნა ადრესატამდე მიტანილი, რომელსაც ჩვენ ახლა გამოვასწორებთ. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება შეჯერდება ამ პროექტთან მიმართებაში“,- განაცხადა მერაბ ლომინაძემ.