ჯავშნების 95% კომენდანტის საათის გამო უქმდება - ტურიზმის კვლევის ცენტრი

სანამ კომენდანტის საათი მოქმედებს ნებისმიერი ფორმით, ტურიზმი საქართველოში არ იქნება - ამის შესახებ, რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ტურიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ალექსანდრე გიორგაძის თქმით, საქართველოში აპრილში მხოლოდ 17-დან 20 ათასამდე ტურისტი შემოვიდა.

,, მდგომარეობა, ძალიან ცუდია. ოფიციალური რიცხვები ასახავს არა ტურისტების რაოდენობას, არამედ საზღვრის კვეთას. უნდა ვიანგარიშოთ მხოლოდ იმ ადამიანებიდან, რომლებიც შემოვიდნენ საჰაერო სივრცით, რადგან სახმელეთო საზღვარი ტურისტული მიზნებისთვის დაკეტილია. ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ დასახელებული 82 000-დან, რეალური ტურისტი მხოლოდ 17-20 ათასი ადამიანია, რაც ძალიან მცირეა.

თუ ჩვენ შესადარებლად ავიღებთ გასულ წელს, როცა სრულად ჩაკეტილები ვიყავით და ამას შევხედავთ პოზიტიურად, რომ ახლა, მცირე მუშაობაა, შეიძლება ვთქვათ ასე, სინამდვილეში კი არავითარ გამოცოცხლებაზე საუბარი არ არის. პირიქით, გვაქვს ხელის შემშლელი ფაქტორები. პირველი, ეს არის კომენდანტის საათი. როგორც ჩვენმა კვლევამ აჩვენა, ჯავშნების 95% უქმდება მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზით. კომენდანტის საათის პირობებში ტურიზმის აღდგენა არ მოხდება. სანამ კომენდანტის საათი მოქმედებს ნებისმიერი ფორმით, ტურიზმი საქართველოში არ იქნება. იქნება მცირე მოძრაობა ამ სექტორში.

მეორე მნიშვნელოვანი წინაღობაა შაბათ-კვირის შეზღუდვა კვების ობიექტებისთვის და მესამე - სახმელეთო საზღვრის დაკეტვა. აბსოლუტურად გაუგებარია pcr ტესტით თუ შეიძლება ჩამოფრენა, რატომ არ შეიძლება საჰაერო საზღვრის გადმოლახვა, ზუსტად იგივე პირობებით. ამას არავითარი ლოგიკური ახსნა არ აქვს. 2021 წლის პირველ 4 თვეში საქართველოში საჰაერო გზით საზღვარი 56 434-მა ადამიანმა გადმოკვეთა, მათ შორის, საკმაოდ დიდი ნაწილი იყვნენ ჩვენი მოქალაქეები. ეს აჩვენებს ყველაზე კარგად ტურისტების ოდენობას“, - აცხადებს ალექსანდრე გიორგაძე.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს აპრილში საქართველოში 140%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა.

თამარ მუკბანიანი