Google-ის თანადამფუძნებელმა სერგეი ბრინმა 32,7 მლნ დოლარის აქციები გაყიდა

Google-ის თანადამფუძნებელმა სერგეი ბრინმა Alphabet-ში 32,7 მლნ დოლარის აქციები გაყიდა, რაც მან 2017 წლიდან მოყოლებული პირველად გააკეთა. ამის შესახებ Forbes აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს. 7 მაისს ბრინმა კუთვნილი 38 მილიონზე მეტი ფასიანი ქაღალდების პაკეტიდან Alphabet-ის 13 889 აქცია გაყიდა.

პანდემიის დროს Alphabet-ის აქციების ფასმა მკვეთრად მოიმატა და დღეს თითო აქცია თითქმის 2341 დოლარი ღირს, რაც მის ისტორიულ მაქსიმუმთან ახლოსაა. სერგეი ბრინმა Alphabet-ის აქციები ბოლოს 2017 წლის ნოემბერში გაყიდა, როცა თითო აქციის ფასი 1035 დოლარს შეადგენდა. გადასახადების გადახდის შემდეგ, ბრინს 20,6 მლნ დოლარის სუფთა მოგება დარჩება. მისი წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, თუ რატომ გაყიდა მილიარდერმა აქციები მაინცდამაინც ახლა და რა მიზნით აპირებს ის თანხის დახარჯვას.

სერგეი ბრინმა ლარი პეიჯთან ერთად Google 1998 წელს დააარსა, როცა ორივე სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა. 2004 წელს კომპანიამ აქციების პირველადი განთავსება, IPO განახორციელა და 1,67 მლრდ დოლარი მიიზიდა, ხოლო მისმა კაპიტალიზაციამ 23 მლრდ დოლარი შეადგინა. 2015 წელს მოხდა კომპანიის რეორგანიზაცია: Google ახალი ჰოლდინგის, Alphabet-ის შვილობილი კომპანია გახდა, რომელსაც სათავეში ბრინი და პეიჯი ჩაუდგნენ.

თუმცა ბრინი Alphabet-ის მმართველობიდან გავიდა და პარკინსონის დაავადების კვლევების დაფინანსება დაიწყო, რითიც მისი ოჯახის ზოგიერთი წევრი ავადმყოფობს. რამდენიმე წლის წინათ Bloomberg-მა, წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სერგეი ბრინი უდიდესი დირიჟაბლის შექმნაზე მუშაობდა. მილიარდერის მიერ დაფინანსებული კომპანია LTA Research and Exploration დირიჟაბლის აგებას სტიქიის ზონებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით გეგმავდა.

გასული წლის შუა პერიოდში The Daily Beast იუწყებოდა, რომ სერგეი ბრინი საქველმოქმედო ორგანიზაცია Global Support and Development (GSD)-ის ერთადერთი დამფინანსებელია. ორგანიზაცია სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობს. მისი ჯგუფი სტიქიური ზონებიდან ნაგვის გატანისა და იქ ჰუმანიტარული დახმარების ოპერატიულად შეტანის მიზნით, მაღალტექნოლოგიურ საშუალებებს იყენებს. საქველმოქმედო ორგანიზაციის განკარგულებაშია ბრინის 80 მლნ დოლარის ღირებულების სუპერიახტა Dragonfly, ჰიდროლოკაციური მოწყობილობა, დირიჟაბლი და დრონები.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ