"საქართველოში საწვავი ეღირება საშუალოდ 70 თეთრით იაფი" - როგორ უნდა მოხდეს საწვავის ფასის დაწევა

"საქართველოში საწვავი ეღირება საშუალოდ 70 თეთრით იაფი" - თუ როგორ უნდა მოხდეს საწვავის ფასის დაწევა, ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" მის პოსტს უცვლელად გთვაზობთ:

"ვეცდები მაქსიმალურად მარტივი ენით ავხსნა - რატომ გაძვირდა საწვავი?

როგორ უნდა მოხდეს საწვავის ფასის დაწევა!

საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასი გაიზარდა. გაიზარდა საერთაშორისო გადაზიდვების (ტექნიკა, ტანსაცმელი და ა.შ. მათ შორის ნედლი ნავთობის) ღირებულებაც. გაუფასურებული ლარი. ნედლ ნავთობზე ვაჭრობა ხდება დოლარზე. ამ ყოველივემ თავისთავად იქონია გავლენა საწვავის ფასზე და მხოლოდ ამ 3 მოცემულობის გამო, ფასი გაიზარდა საშუალოდ 1 ლიტრ საწვავზე 30 თეთრით.

დღეს, საქართველოში 1 ლიტრი საწვავის ფასი (კატეგორიების მიხედვით) მერყეობს 2.65 - 3.05 ლარის ფარგლებში. როდესაც სახელმწიფოს არ შეუძლია ამ სამი მოცემულობის მოგვარება:

1. ნავთობს ვერ აწარმოებს

2. გადაზიდვებში მონაწილეობას ვერ იღებს

3. ლარს ვერ ამყარებს

მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და "შემოიჭიროს ქამარი" , ანუ გააუქმოს აქციზის გადასახადი საწვავზე!

ეს როგორ უნდა მოხდეს?

აქციზის გადასახადიდან სახელმწიფოს ბიუჯეტში შედის საშუალოდ, 1 500 000 000 ლარი. აქედან საწვავის წილი არის საშუალოდ, 60% ანუ საშუალოდ 800 000 000 ლარი. ერთი ლიტრი საწვავიდან აქციზის გადასახადში მიდის საშუალოდ 60 თეთრი. ანუ რა გამოდის, სახელმწიფომ, რომ "შემოიჭიროს ქამრები" და საკუთარ ადმინისტრაციულ რესურსს მოაკლოს წელიწადში 800 000 000 ლარი და დაიტოვოს 3 200 000 000 ლარი, საქართველოში 1 ლიტრი საწვავი (კატეგორიების მიხედვით) ეღირება 1.9 - 2.6 ლარი.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, გადასახადის გადამხდელები ყოველწლიურად ვქირაობთ მთავრობას 4 000 000 000 ლარად, რაც თავისთავად ძვირია. ამ თანხაში შედის საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების ხელფასები, პრემიები, დანამატები, ავეჯი, ტექნიკა, მანქანები, მათი საწვავი, მობილურის სასაუბრო დრო და ა.შ. მოკლედ ბევრი რამ. როგორ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება, რომელიც ამოავსებს საწვავზე აქციზის გაუქმებისგან მიღებულ "ლუფტს".

მოდი, საკითხს ესე შევხედოთ. მე რომ დავდივარ სამსახურში, მე ამისთვის სამსახურმა მანქანა უნდა მიყიდოს და საწვავი ჩამისხას? იმის გაკეთებაში, რაშიც ხელფასს ვუხდით საჯარო მოხელეებს დამატებით მანქანა უნდა ვუყიდოთ და საწვავი ვუსხათ?!დაგითვლიათ მაინც რა ღირებულების ავტოპარკი ჰყავს საქართველოს მთავრობას, რა ჯდება მათი სერვისი და რა ჯდება მათი საწვავი?! რატომ უნდა ვუზრუნველყოფდეთ ჩვენ გადასახადის გადამხდელები ჩინოვნიკის ოჯახის წევრების გადაადგილებას ჩვენი ნაყიდი მანქანებით და საწვავით?! რამდენს შეგხვედრიათ, ან იცით არასამუშაო დღეებში "უიქენდებზე" სამსახურეობრივი მანქანით და საწვავით მოსიარულე ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები?! ნებისმიერ საბიუჯეტო უწყებაში ეს იქნება სამინისტრო, სსიპ, ააიპ თუ სახელმწიფო შპს, სამმართველოს უფროსის მოადგილე და ზევით არსებული იერარქია სარგებლობს განპიროვნებული ავტომობილით პლიუს მინიმუმ 300 ლიტრი საწვავი თვეში! ანუ რა გამოდის? ჩვენ გადასახადის გადამხდელებმა უნდა გადავიხადოთ 1 ლიტრ საწვავში 2.65 - 3.05 ლარი იმიტომ, რომ ჩინოვნიკებმა იარონ ჩვენი (აქციზში გადახდილი გადასახადით) ნაყიდი მანქანებით და ჩაისხან საწვავი? ეს როგორი სამართალია?!

კეთილი ინებეთ, მთავრობავ, და ჩვენი გამომუშავებული თანხა დაგვიტოვეთ ჩვენ, თქვენ მოიკელით მანქანები, თქვენ მოიკელით საწვავი. თქვენ ხართ დაქირავებული ადამიანები ჩვენს მიერ და იარეთ სამსახურებში საკუთარი სახსრებით ისე, როგორც ამას ვაკეთებთ ჩვენ. ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებით 800 000 000 ლარით ანუ: მთავრობამ და ჩინოვნიკებმა რომ აღარ იარონ ჩვენი ნაყიდი მანქანებით და არ ასხან საწვავი. შეიმცირონ მობ. ტელეფონზე სალაპარაკო და ინტერნეტის თანხები. ცოტათი მაინც შეკვეცონ გადავსებული კადრები მაქსიმუმ 20%. ცოტათი მაინც, 30% შეიმცირონ პრემია - დანამატები. გააუქმონ აქციზის გადასახადი საწვავზე, საქართველოში საწვავი ეღირება საშუალოდ 70 თეთრით იაფი!", -წერს ოთარ აბესაძე.

ნინი ქეთელაური