Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 1.34 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 175 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.34 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 8.7% -ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის თანახმად, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 21.6 მილიონ ადამიანს უტარდება.

გამოყენებული ვაქცინების რაოდენობით მსოფლიოში ჩინეთი ლიდერობს, სადაც ვაქცინების 332 მილიონზე მეტი დოზაა გახარჯული. 263 მილიონი დოზაა გამოყენებული აშშ-ში, 179 მილიონი - ევროკავშირში, 175 მილიონი - ინდოეთში. ყველაზე მეტი მოქალაქე, პროცენტულად, ისრაელშია აცრილი, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 56.2 %-ს აქვს გაკეთებული.