Tesla-მ ელექტრომობილების ბიტკოინებზე გაყიდვა შეწყვიტა

ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Tesla-მ ბიტკოინებზე ელექტრომობილების გაყიდვა შეწყვიტა. მიზეზად კომპანიის მფლობელმა ილონ მასკმა ამ კრიპტოვალუტის გამომუშავების არაეკოლოგიური გზები დაასახელა.

„Tesla სატრანსპორტო საშუალებების ბიტკოინით გაყიდვას წყვეტს. ჩვენ შეშფოთებული ვართ ბიტკოინის მოსაპოვებლად ნედლი სავწვავის გამოყენების გამო, განსაკუთრებით ქვანახშირის, რომელსაც აქვს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გამონაბოლქვის კუთხით,“ - წერს ილონ მასკი თავის Twitter-ზე.

ამასთან, კომპანია მანამ არ გაყიდის თავის ბიტკოინებს, სანამ კრიპტოვალუტის მდგრადი ენერგიის წყაროებიდან მოპოვება არ დაიწყება. მილიარდერი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტებს დამაიმედებელი მომავალი აქვთ, თუმცა არ შეიძლება მათი განვითარება „ბუნების განადგურების ხარჯზე“.

8 თებერვალს Tesla-მ 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა, რის შემდეგაც კომპანიამ განაცხადა, რომ ამ კრიპტოვალუტას თავისი პროდუქციის რეალიზაციის საშუალებად მიიღებდა. თუმცა მოგვიანებით კომპანიაში ამ ინვესტიციას „უპასუხისმგებლო“ უწოდეს.

ილონ მასკის გუშინდელი განცხადების შემდეგ ბიტკოინის ფასი უფასურდება: თბილისის დროით 04:15 წუთისთვის, მისი ღირებულება 15%-ით, 47,9 ათას დოლარამდე შემცირდა, რაც 1 მარტიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კოკა კვირკველია