"ნარჩენების მართვის კოდექსის" პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა "ნარჩენების მართვის კოდექსის" პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა და დაამტკიცა.

კოდექსის პროექტით, ნარჩენების უსაფრთხო განთავსების, დამუშავების, უარყოფითი ზეგავლენის პრევენციის საკითხები და მასთან დაკავშირებული იურიდიული ჩარჩოები განისაზღვრება. კანონის პროექტი მისი ეფექტიანად აღსრულების მიზნით ადმინისტრაციული სანქციების შემოღებას ითვალისწინებს.

"ნარჩენების მართვის კოდექსის" საფუძველზე ცვლილებები 15-მდე კანონში შედის.

აქამდე ნარჩენების მართვის ერთიანი საკანონმდებლო სისტემა არ არსებობდა. როგორც მთავრობა განმარტავს, ნაწილობრივ არსებული რეგულაციები დღევანდელ რეალობას ვერ ასახავს და საერთაშორისო მოთხოვნებს, მათ შორის, ევროდირექტივებს არ შეესაბამება. როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში განმარტავენ, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ყველა ვალდებულებას ითვალისწინებს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ ნაწილშია მოცემული.