თბილისის მერია, გარე რეკლამების განთავსებაზე აუქციონის გამოცხადებას გეგმავს

დედაქალაქის მერია, გარე რეკლამების განთავსებაზე აუქციონის გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, მერია ამზადებს ახალ პირობებს, რომელიც მომგებიანი და ხელსაყრელია მუნიციპალიტეტისთვის.

„2009 წელს მუნიციპალიტეტს გამოცხადებული ჰქონდა აუქციონი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელმაც 12 წლის ვადით გარე რეკლამების განთავსებაზე მოიგო აუქციონი.

წელს ამ კონტრაქტს და ხელშეკრულებას ვადა ეწურება. ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ახალი აუქციონის გამოცხადებაზე, ჩვენი გუნდი ახალ პირობებს ამზადებს, რომელიც მომგებიანი და ხელსაყრელი იქნება მუნიციპალიტეტისთვის.

მინდა დაინტერესებულ ბიზნეს სექტორს, კომპანიებს მოვუწოდო ახლავე ჩაერთონ პროცესში, დაგვიკავშირდით. შეგიძლიათ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაუკავშირდეთ, მიიღოთ მონაწილეობა, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები, დაინტერესების შემთხვევაში ჩაერთოთ აუქციონში, რომლის გამოცხადებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ“, - აცხადებს კალაძე.