უფასო უმისამართო ფრენები duty free-შოპინგის სანაცვლოდ - სიახლე სამხრეთ კორეული კომპანიებისგან

სამხრეთ კორეაში duty free მაღაზიების ოპერატორები კლიენტებს უფასო ავიაფრენებს სთავაზობენ, რათა ისინი აეროპორტში მიიზიდონ და უბაჟო ზონაში ფული დახარჯონ. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. ასეთი ფრენების ერთ-ერთი ორგანიზატორია სამხრეთ კორეაში მსგავსი მაღაზიების უმსხვილესი ოპერატორი, კომპანია Lotte Duty Free. მისი დაფინანსებით, ავიაკომპანია Air Busan-ის თვითმფრინავმა ინჩხონის საერთაშორისო აეოროპორტიდან პირველი ასეთი რეისიც განახორციელა.

თვითმფრინავმა, ბორტზე 130 მგზავრით, სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე ცოტა ხნით დატოვა, იაპონიის ერთ-ერთ კუნძულს გადაუფრინა და 2 საათში უკან დაბრუნდა. ამ უჩვეულო რეისით კომპანიამ თავის მხრივ, წესები შეასრულა, ხოლო 130 მგზავრს საშუალება მიეცა, duty free-ს მომსახურებით ესარგებლა. მათ მაღაზიაში, სადაც საქონელზე დაბალი ფასებია, ცნობილი ბრენდების უამრავი პროდუქცია შეიძინეს. აეროპორტიდან გამოსული კმაყოფილი მგზავრები აცხადებდნენ, რომ უმისამართო აფრენა-დაფრენა duty free მაღაზიებში პროდუქტის შესაძენად ნამდვილად ღირს. მიმდინარე თვეში კომპანია Lotte კიდევ 5 „უმისამართო ფრენას“ გეგმავს.

სამხრეთ კორეაში მეორე უმსხვილესმა duty free-ოპერატორ Hotel Shilla-მ 25 და 30 მაისის რეისებზე კლიენტებს 114 უფასო ბილეთი შესთავაზა, რომელთაგან თითოეულმა კომპანიის მაღაზიებში 550 დოლარზე მეტი უნდა დახარჯოს. ასეთი მომსახურებით duty free-ის კომპანიები ბიზნესის მხარდაჭერას ცდილობენ, რომელიც პანდემიის გამო საერთაშორისო ფრენებისა და ტურიზმის შეზღუდვებმა დააზარალა.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ წელს მსოფლიო საჰაერო სამგზავრო ნაკადი ორჯერ შემცირდა. თუ 2019 წელს ავიარეისების მგზავრთა რაოდენობა 4,5 მილიარდი იყო, გასულ წელს მან მხოლოდ 1,8 მილიარდი მგზავრი შეადგინა. პანდემიამდე duty free-ის ბიზნესი მეტად ვითარდებოდა. კვლევითი კომპანია Verified Market Research-ის მონაცემებით, duty free მაღაზიების ბრუნვა 2019 წლის 85 მილიარდი დოლარიდან 2027 წლისთვის 139 მილიარდ დოლარამდე უნდა გაზრდილიყო. შეზღუდვების გამო უმსხვილესი შვეიცარული duty free-ოპერატორ Dufry AG-ის მოგება გასულ წელს 71%-ით შემცირდა. პარიზის ოპერატორ Lagardere Travel Retail-ის მოგებამ მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56%-ით, 341 მლნ ევრომდე (414 მლნ დოლარამდე) დაიკლო.

duty free-ის ქსელის აქციები აჩვენებს, რომ ინვესტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილი. სექტემბრის ბოლოდან Dufry-ის აქციებმა 100%-ით მოიმატა. სეულის ბირჟაზე Hotel Shilla-ის ფასიანი ქაღალდები წლის დასაწყისიდნ 13%-ით გაიზარდა და 15-თვიან მაქსიმუმს უახლოვდება.

სამხრეთ კორეის მთავრობა იმასაც არ გამორიცხავს, რომ ინჩხონში უცხოური ფრენები აეროპორტის შენობიდან მგზავრთა გასვლის აკრძალვით დაუშვას, რომ მათ უკან გაფრენამდე რამდენიმე საათი duty free შოპინგზე გაატარონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ